როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს

როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს

ახალგაზრდები ხშირად კამათობენ მშობლებთან, ისინი უკმაყოფილონი არიან მათი ძველმოდურობით და წუწუნებენ, რომ დედ-მამას მისი არ ესმით. ვნახოთ, როგორ აგვარებდნენ მშობლებთან პრობლემებს პოპულარული ქართველი ადამიანები და რას ურჩევენ ისინი ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს.

ქრისტინე იმედაძე:

- უნდა მოატყუო, ვითომ შენი მეგობარი ცუდადაა და აუცილებელია ნახო. შეიძლება, პირდაპირ უთხრა მშობლებს, რომ შეყვარებულის სანახავად მიდიხარ. თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ ეტყვი, რომ აუცილებლად წასასვლელი ხარ - გეთანხმებიან თუ არა. ყველაზე დამაჯერებელი იქნება და აუცილებლადაც გაგიშვებენ, თუ მეგობართან წასასვლელად მეცადინეობას მოიმიზეზებ.

პანჩო (ლევან მგელობლიშვილი):

- მშობლები უნდა "დაბრიდო" (იცინის). თუ შეძლებ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ არ გიშვებენ. მე ბავშვობაში იმდენი მაქვს "ნაჭამი", რომ არც ერთ ახალგაზრდას არ ვურჩევდი ტყუილის თქმას, ჯობია, მშობლებს დაუჯერო. მაგრამ თუ განსაკუთრებულ ადგილას მიდიხარ, მშობლებს პირობა უნდა მისცე, რომ კარგი ბიჭი იქნები და კარგად ისწავლი... თუ მაინც არ გაგიშვებენ, ბოლოს და ბოლოს, გაიპარები.

ია მანიჟაშვილი ("ემი"):

- მე შეძლებისდაგვარად ვემორჩილებოდი მშობლებს, მაგრამ ყოველთვის მშურდა ჩემი მეგობრების, რომლებიც სახლიდან გაპარვას ახერხებდნენ. ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, მშობლებს 2 საათი ვეხვეწე – გვერდით კორპუსში დაქალთან გადავალ-მეთქი, - მაგრამ არ გამიშვეს. ჰოდა, ჩემს საწოლში თოჯინა ჩავაწვინე, რომელსაც ჩემნაირი თმა ჰქონდა, საბანი დავაფარე და გავიპარე. მერე ჩემი თავი თვითონვე "გავყიდე", რომ დავბრუნდი, კარზე დავაკაკუნე. დედამ გამიღო... იმ ღამეს დიდი ომი გადავიტანე. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ყოველთვის აიხდინონ სურვილები: მშობლების ნახევარსაათიან ჩხუბს აიტან, სამაგიეროდ, სასიამოვნო მოგონება დაგრჩება. ჩემი სახლი იმით იყო კარგი, რომ ორი კარი ჰქონდა: ერთ კართან ახლოს, ოთახში დედ-მამას ეძინა, მეორე კარიდან მე ვიპარებოდი. ხანდახან დაქალებიც შემომყავდა. მთელი ღამე ვერთობოდით და დილის 6 საათზე სახლებში ვაპარებდი.

ზვიო (ზვიად ბლიაძე):

- მე მთელი ბავშვობა ტყუილში გავატარე და ახლანდელ თაობას ვურჩევ, ჯერ აუხსნან მშობლებს, რომ კარგ "პონტში" მიდიან და უნდა გაუშვან, თუ არა და, აუცილებლად გაიპარონ და გაერთონ. მშობლების ყაყანს მოევლება.

ნუგზარ ერგემლიძე:

- ახალგაზრდას გააჩნია: თუ ის მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, სხვა გზა არა აქვს - უნდა დაემორჩილოს; თუ საკუთარი შემოსავალი აქვს, ეს უკვე სხვა საქმეა, მაშინ მშობლებს ბოდიში მოუხადოს და სადაც უნდა, იქ წავიდეს.

სოფო ყარალაშვილი

ჟურნალი "გზა"

#34 19.08.2004

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?