როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)

როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)

Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუს - "მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში", დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამასთან, ის სტატია არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა ინტერნეტგამოცემამ მთავარ გვერდებზე განათავსა. ქართულ-ბრიტანული ჯგუფი, რომელიც ამ აღმოჩენის კვალდაკვალ 8 ივნისს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ დაადგა გზას, რამდენიმე დღეა, რაც ექსპედიციიდან დაბრუნდა და Ambebi.ge მათ კვლავაც ექსკლუზიურად გაესაუბრა, - ახლა უკვე ნანახის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

ერეკლე ჯულაყიძე, ბიოლოგი, პროფესორი, მოგზაური, ექსპედიციის წევრი:

- ჩვენი მთავრი მიზანი იყო, 2008 წელს გავლილი გზა ხელახლა გაგვევლო. გვენახა ადგილები, სადაც წლების წინ აღმოჩენები გვქონდა. უფლებამოსილები არც მაშინ და არც ახლა ვიყავით, რომ იქ რაიმე გაგვეთახარა და გარკვეული ტიპის სამუშაო გვეწარმოებინა, მაგრამ 2008 წელს ამის შესახებ არ ვიცოდით და დაზვერვითი სამუშაოს სახით, ცოტა მაინც გავთხარეთ.

"დიქავერიმ" ყველაფერი გადაიღო, ის ჩვენს ძველ გადაღებულ კადრებსაც გამოიყენებს, რომელიც მომავალში დაინტერესებულ ადამიანებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიური კვლევისთვის იმპულსს მისცემს. პრინციპში, უკვე დაინტერესდნენ და მასალა მანჩესტერის უნივერსიტეტის მოლეკულურ-ბილოგიური გენეტიკის ლაბორატორიაში გავგზავნეთ, საიდანაც 10 დღეში პასუხი ჩამოგვივა.

- ანუ გვეტყვიან, არის თუ არა ეს ძვლები ადამიანის?

- დიახ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს კვლევა გაგრძელდება და მასში ფართო სპექტრის სპეციალიტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ და თავის საქმის აღიარებული სპეციალიტები არიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 2014 წლის ექსპედიციას მოჰყვა.

ამასთან, რაც მთავრია, მსოფლიო ამ ფილმით კიდევ ერთხელ შეიტყობს საქართველოს შესახებ, მისი მრავალფეროვანი ბუნებისა და ლანდშაფტების შესახებ და ამის შემდეგ აქ უამრავი ტურისტი ჩამოვა.

- სანამ ლაბორატორიის დასკვნა იქნება, როგორ ფიქრობთ, - აღმოჩენილი ძვლები ეკუთვნის თუ არა ადამიანს?

- რა თქმა უნდა, ეკუთვნის. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება.

ოთარ ბაღათურია, ისტორიკოსი:

- ჩემი მინიმალური მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს პოპულარიზაციაა. ეს მიზანი მიღწეულია და კიდევ პერსპექტივაში სხვა პროექტების ("დისქავერის" ფორმატის) განხორციელების შანსებიც გაჩნდა.

აკლდამა ჩანგრეულია, ამიტომ ძვლებისა და მიწის ნაწილის აღრევა მოხდა... გამოითქვა ვარაუდი, რომ აკლდამის დუღაბი შესაძლოა, კვერცხის ცილასაც შეიცავდეს. იქვე მოშორებით არის განმარხებული ძვლები, რომლებიც ქვებს არის შეზრდილი... მოკლედ, ძალზე მრავალმხრივი კვლევისთვისთვის არსებობს საფუძველიანი ასპარეზი. გაჩნდა ასევე პალეონტოლოგიური კვლევის ინტერესიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ შედეგებს უნდა დაველოდოთ.

- მაინც რა პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს ის ყველაფერი?

- ნატაძრალი ადრექრისტიანული პერიოდისაა, ქრისტიანობის მიღებიდან პირველი საუკუნეებიის. ასევე არის ქვის გზა, რომელსაც თამარის პერიოდს მიაკუთვნებენ... ლეგენდის თანახმად, ვარძიიდან მართლაც გადმოუყვანიათ რიტუალური ქვის გზა, რომელიც თამარმა ააშენებინა. გზა იქიდან დასავლეთ საქართველოში გადადის. ეს ყველაფერი შეიძლება, გვიანდელი ლეგენდა იყოს, ხოლო რეალურად, ეს ბრტყელი ფილები შესაძლოა, გეოლოგიური წარმონაქმნიც იყოს...

- მოკლედ, სერიოზულად გამოსაკვლევი ობიექტია...

- დიახ, საჭიროა, მუდმივმოქმედი ბანაკის დაბინავება, რომ იმუშაონ არქეოლოგებმა, პალეონტოლოგებმა, გეოლოგებმა, ქართველებმა და უცხოელებმაც. საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა ვიცოდეთ, რა აღმოვაჩინეთ...

ჟურნალისტი ლელა ნინუა, როგორც უკვე იცით, ექსპედიციის ერთადერთი ქალბატონი წევრი გახლდათ როგორც 2008 წელს, ისე ახლა - 2014-ში, რომელიც "დისქავერელებმა" საკუთარი ფილმის თანაავტორად გამოაცხადეს... ის არ შეუშინდა გზის სირთულეს და დაუფიქრებლად ურთულეს პერიმეტრს დაადგა:

- სერიოზული სირთულეების დაძლევა მოგვიხდა, - წვიმა, მდინარის ფეხით გადალახვა, სიცივე, შიმშილი, უძილობა - ყველაფერი გამოვცადეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საოცარ პროფესიონალებთან ერთად, სერიოზული სკოლა გავიარე...

- რას გვეტყვი უცხოელ კოლეგებზე?

- "დისქავერის" ჯგუფი ასე იყო წარმოდგენილი: ბრიუს ფენეტონი - ეზოთერიკი, უცნაური მოვლენების მისტიკური ფენომენების ექსპერტი. წლებია ამ თემაზე მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში - დაკარგულ ქალაქებს ეძებს. ამავე დროს არის გადაცემის წამყვიც. ამჯერად ის "დისქავერის" დირქტორის, პროდიუსერის, ოპერატორის, რეჟისორისა და სცენარის ავტორის - სეფან მიზელესის მოწვევით ჩამოვიდა. სტეფანიც ჩვენთან ერთად იყო. ჯგუფში ასევე მოწვეული გახლდათ სამხედრო ექიმი - მაიკ ნედამი - ამავე დროს სპეცდანიშნულების რაზმის მწვრთნელი. ჯგუფში იყო ხმის რეჟისორი - მარტინ ჩესკუ. მათი მიზანი გახლდათ, საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და კამერითაც დაეფიქსირებინათ...

2008 წელს, იმ ადგილს, პირველად რომ ვეწვიეთ, ყურადღება არ მიგვიქცევია იმისთვის, რომ იქ კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები იყო. ბრიუსის ვარაუდით, ისინი იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარად განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლოდებით მოპირკეთებული ასასვლელი ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ხდება. დღემდე უცნობია იქ არსებული ეკლესიის აგების თარიღიც. მაშინ არც თაღისებური სამარხი შეგვიმჩნევია, ამაზე ახლა ბრიუსმა მიგვაქცევინა ყურადღება. მოკლედ, მისი აზრით, ეს ადგილი, ყველა პარამეტრით, ნაქალაქარზე მიუთითებს. დავრწმუნდით, რომ "დისქავერის" წარმომადგენლებისთვის სირთულე არ არსებობდა, ისინი სულ მუშაობდნენ. ის კი არა, ბრიუსი ამბობდა, მსგავსი ექსპედიციის გადაღება მისი ოცნება ყოფილა და ეს ოცნება საქართველოში აიხდინა. გადაღებაზე ჯუნგლებში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ აქეთ გამოვემგზავრე, რასაც არ ვნანობო. ის სერიოზულად დააინტერესდა ქანებში განმარხებული ძვლებით. მსგავსი რამ მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი სანახავია, რაც სავარაუდოდ, კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვიაო.

- რამდენი დღე დასჭირდა ამჟამად ასვლას?

- 2 დღის განმავლობაში ავდიოდით, იქ 2 დღე დავყავით და ჩამოსვლასაც 2 დღე მოვანდომეთ. ვიმეორებ, მსგავსი გუნდური მუშაობის პრინციპი ჯერ არ მინახავს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ რეალურად ვნახე. ისინი პატივს სცემდნენ ჩევენს აზრს, ყველაფერზე კომენტარს მაკეთებინებდნენ. ბრიუსს აქვს თავისი ფორუმი და როგორც ვიცი, საქართველოზე საუბარს მან იქ უკვე სერიოზული ადგილი დაუთმო. მან მე ფილმის თანაავტორად გამომაცხადა.

- ამ მოგზაურობისას რაიმე უცნაური ამბავი ხომ არ შეგემთხვათ?

- როდესაც უკან ვბრუნდებოდით, თითქმის დაშვებულები ვიყავით, ტურისტებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, ზესტაფონის მარგვეთისა და უბისას ეპარქიის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი პანტელეიმონი (შვილებთან ერთად იყო ამოსული) შეგვხვდა. მას ბრიუსმა მისი სიზმრის შესახებ უამბო, გარდაცვლილმა მეუღლემ სიზმრში უთხრა, საქართველოში რომ წახვალ, დალოცვილი იქნებიო... ალბათ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე ამაზე მიანიშნებდა, რაც აქ ვნახეო. - არა, ამაზე არ მიუთითებდა, აქვე მდინარე ჩამოდის და ახლა უნდა მოგნათლოო. კათოლიკე ბრიუსმა დაუფიქრებლად თანხმობა განუცხადა. ნათლიები მე და პროფესორი ოთარ ბაღათურია გახლდით. ასე გახდა ეკვადორელი ბრიუსი მართლმადიდებელი ანდრია... ასვლისას ვამბობდით, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართო და ჩამოსვლისას ვთქვით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ბრიუსმა საქართველოში ასე შეიძინა მშობლები. ჩვენთან ერთად ასევე იყვნენ - გოგი ვარძელაშვილი და თენგო წაქაძე. ამასთან, მადლობა მინდა, გადავუხადო დეპუტატ გია ცაგარეიშვილსა და ლელა რაზიკაშვილს იმ თანადგომისთვის, რაც ჩვენი ჯგუფისთვის გასწიეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია