ტაქსისტების მოყოლილი თბილისური კრიმინალური ისტორიები

ტაქსისტების მოყოლილი თბილისური კრიმინალური ისტორიები

თითქმის ყოველდღე გვესმის ქურდობის, ყაჩაღობის და მკვლელობების შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი ხშირად ჩივის, რომ კრიმინალური ფაქტები ბოლო დროს ძალიან გახშირდა, მაგრამ შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს. ის, რომ კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა, არაერთხელ განუცხადებიათ მმართველი გუნდის ლიდერებსაც...

Ambebi.ge შეეცადა ტაქსის მძღოლებისგან მიეღო პასუხი კითხვაზე, გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, ვინაიდან ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის ათობით ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, და შესაბამისად, არაერთ ისტორიას ისმენენ. გარდა ამისა, ჩვენ დავინტერესდით გამხდარან თუ არა თავად ქურდობის და ყაჩაღობის მსხვერპლი.

ჩვენი პირველი რესპოდენტი ლევანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, 8 წელია ოჯახს თავად არჩენს და გლდანის მეტროსთან ტაქსის მძღოლად მუშაობს. ის ყაჩაღობის მსხვერპლი მასშტაბური ამნისტიის შემდეგ გახდა. ლევანიმ საკუთარი გვარის გამხელისგან თავი შეიკავა.

ლევანი:

ღამის 12–ის ნახევარი იყო. გლდანის მეტროსთან ორი ბიჭი ჩამიჯდა ტაქსში. მთხოვეს, მეხუთე მიკროში აგვიყვანეო. როცა მივედით, პარკთან შევუხვიეთ მეექვსე კორპუსთან. ერთმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მეგონა ფულს ეძებდა, მან კი დანა ამოიღო და ყელზე მომადო. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? დანა რომელსაც ეჭირა, ისე ეშინოდა, კანკალებდა, იქეთ ვაწყნარებდი. ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი, ნუ კანკალებ ძმაო–თქო. მე ფიზიკური მოძრაობა ისედაც მიჭირს. მეორე კი ფულს მთხოვდა. 30 ლარი მქონდა "კაშილოკში", 50 ლარი "ბარდაჩოკში" მქონდა შენახული. როცა ნახეს "კაშილოკი", მითხრეს, შენ 30 ლარზე არ იქნები სახლიდან დღეს გამოსულიო, და დანა რომელსაც ეჭირა, იმან "ბარდაჩოკი" გახსნა და ამოიღო 50 ლარი. სულ 83 ლარი წაიღეს.

– ფიზიკურად როგორ გამოიყურებოდნენ?

– ფიზიკურად ჩვეულებრივი ბიჭები ჩანდნენ. კრიმინალის არაფერი ეტყობოდათ. მას შემდეგ ვფრთხილობ, ყველა მგზავრს აღარ გავუჩერო, იგივე რომ არ დამემართოს. მას შემდეგ არასდროს გავმხდარვარ ყაჩაღობის მსხვერპლი, მხოლოდ ტელევიზორიდან მესმის მსგავსი ფაქტების შესახებ.

– პატრულში რატომ არ დარეკეთ?

– უკვე შეშინებული ვიყავი, გენაცვალე. ვიფიქრე, პატრულის მოსვლას აზრი არ აქვს თქო და წამოვედი სახლში.

კრიმინალის გაზრდაზე საუბრობს კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

– გაიზარდა კრიმინალი. ტელევიზორშიც აცხადებენ ამას. ამასწინათ კლიენტი მივიყვანე თრიალეთის ქუჩაზე, სასწაული ამბავი მომიყვა. თურმე სახლში იყო, ტელევიზორს უყურებდა, შევიდნენ ქურდები, მოიპარეს ჩანთა და კომპიუტერი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტნენ. ჩანთა იქვე დაუგდიათ, კომპიუტერი კი წაიღეს. ბინების გატეხვაზე აღარაფერს ვამბობ, კრიმინალები და ბინის გატეხვები ძალიან მომრავლდა. გაივსო ქალაქი კრიმინალებით. ოდნავ ნასვამი მგზავრიც კი აღარ მიმყავს. ადრე ამის პრობლემა არ იყო.

არქიფო ნოზაძე:

– პირადად მე არ გავმხდარვარ კრიმინალის მსხვერპლი, მაგრამ ახლა რაც ხდება, ის ადრე არ იყო. ხალხს ეშინია საღამოს გარეთ გასვლა, ქალს და ბავშვს აქ ვერ დაინახავთ. უარესი მოხდება კიდევ... რა დაიმსახურეს იმ პატიმრებმა ასეთი, გარეთ რომ გამოუშვეს? ზოგს ფულს სძალავენ, ზოგის მანქანას იპარავენ და რავიცი კიდევ რა არ ხდება.

– ვისი მანქანა გაიტაცეს?

– ჩემი ახლობლის არაფერი გაუტაცებიათ, მაგრამ ტელევიზორში დღედაღამე ამის შესახებ აცხადებენ.

– თქვენც გაგიჩნდათ დაყაჩაღების შიში?

– შიში რაც დავიბადე მას შემდეგ არის. ამბობენ, გურულები აბდლები არიანო, ხოდა აბდლებს არაფრის გვეშინია.

გია ბიკაშვილი:

– გლდანელი ვარ, აქედან არ გავდივარ სხვაგან, გლდანი, თემქა, მუხიანი, ყველგან მიცნობენ და ვინ დამაყაჩაღებს? გაიზარდა კრიმინალი, ეგ ვიცი. ამის მაჩვენებელია ის, რომ ადრე აქ არავის მოჰქონდა მოპარული ტელევიზორები, საბურავები, დისკები, მაგნიტოფონები.

თამარ ბოჭორიშვილი. Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ