მისასალმებელია სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გამოჩენა არეალზე და ის, რომ საკრებულოები იქნება ჭეშმარიტად მრავალპარტიული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეორე ტურში კოალიციას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" უპირისპირდება.
"მეორე ტურში "ქართულ ოცნებას" 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან, ქართულ ოცნებას" "ნაცონალური მოძრაობა" უპირისპირდება მხოლოდ 6-ში. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი - 72 %", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოალიციის ლიდერმა საზოგადოებას ცესკოს ბოლო მონაცემები მიაწოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობა" - 13%-ით.
"საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს "ქართული ოცნება" 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,"- აღნიშნა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და მიღწეული შედეგი.