კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"

კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

კუკავას განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ "თავისუფალ საქართველოს" დაანახა, რომ მისი სამსახური საქართველოს არ სჭირდება. "ჩვენი ხმები მოიპარეს. იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ არ გადაგველახა ბარიერი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა უნდობლობა. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნებოდა დაბალი. არასდროს არაფერს გამოვკიდებივარ. ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გაკეთდეს", - განაცხადა კუკავამ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება მან პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქროს, კუკავამ აღნიშნა, რომ "ლოგიკურად ამაზე ფიქრობს". "მე ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა არ მინდა დაბალი შედეგის შემდეგ პირდაპირ გავაკეთო ეს განცხადება. მე პოლიტიკაში მოვედი 10 წლის წინ ჩემი პრინციპებით. შემეძლო სხვადასხვა მთავრობების დროს მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ამაზე უარი განვაცხადე. ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე გამოდიოდა თბილისი, მის გვერდზე ვმდგარიყავი. არ ამცილებია არც ერთი "დუბინკა", მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. ჩვენმა საზოგადოებამ, თბილისმა ეს შეაფასა 2 %-იანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ კიდევ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის", - აღნიშნა კუკავამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა