ხუხაშვილი: ხალხის 40-50% ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია

ხუხაშვილი: ხალხის 40-50% ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია

მიზეზებზე, თუ რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებაში ახლად მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ თვითმმართველობის არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება და სად იყო შეცდომები დაშვებული, "რეზონანსი" ექსპერტს, ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის შედეგი, რომელზეც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა დემოკრატიულ ქვეყნებში უბრალოდ იოცნებებდა, თქვენც ასე ფიქრობთ?

- დემოკრატიული თვალსაზრისით მეორე ტური კარგია იმიტომ, რომ ეს აჩვენებს ხელისუფლების ნებას, რომ ის არ იყენებს სპეციფიკურ მეთოდებს იმისათვის, რათა სხვადასხვა მანიპულაციის გზით პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს.

პოლიტიკურად კი ეს ცუდია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯერ ერთი კატასტროფულად დაბალი აქტივობა იყო, რაც პრინციპში მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი და უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, სამწუხაროდ ხელისუფლების მიმართ. თბილისელების დიდმა უმრავლესობამ გადახაზა ყველა კნადიდატი, რაც ძალიან ცუდია და ეს აფერხებს მულტიპარტიული დემოკრატიის განვითარების პერსპექტივას. ამ თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული უკუსვლა გვაქვს. ასევე გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებას რეალურად დააბალანსებდა და მისცემდა ადამიანებს ჯანსაღი ალტერნატიული არჩევანის საშუალებას.

- და რა იყო ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, ეს განპირობებული იყო ძირითადად ხელისუფლების სერიოზული შეცდომებით. გარდა ამისა, არ მომხდარა პოლიტიკური სივრცის სისტემური გახსნა იმისთვის, რომ ქვეყანას ახალი სისხლი და ახალი შესაძლებლობები გასჩენოდა. ერთ-ერთი დანაშაული, თუ მას დანაშაული შეიძლება ეწოდოს, არის ის, რომ თბილისსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენა არ დაუშვეს. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პროცესის თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას კი სჭირდება ახალი სახეების გამოსვლა, რომლებიც რაღაც ეტაპზე ჯგუფებად შეიკრიბებიან და მათ ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება გახდება შესაძლებელი.

საინიციატივო ჯგუფები რომ დაეშვათ, ეს გააჩენდა ახალ პოლოიტიკურ ელიტას რომელიც შეიძლება რაღაც ეტაპზე გაერთიანებულიყო ერთიან პოლიტიკურ ჯანსაღ ძალად. ეს სამწუხაროდ პარტიებმა არ დაუშვეს და ხელისუფლებაც აჰყვა. ავტორიტეტული, პატრიოტი ადამიანები არჩევნებს ასეთი გზით ფაქტობრივად ხელოვნურად ჩამოაშორეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდათ ასოცირება არცერთ პარტიასთან, მაშინ როდესაც ჰქონდათ ამბიცია გამხდარიყვნენ დავუშვათ თბილისის მერი.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს შეზღუდვა იყო ხელისუფლების სერიოზული შეცდომა?

- ამ შეზღუდვამ უკან დახია საარჩევნო პროცესი და, ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. ამ მხრივ ერთადერთი პრეცედენტი იყო თქვენი კოლეგის, ალეკო ელისაშვილის მაგალითი, როდესაც მიეცა საშუალება საზოგადოებას არაპარტიული, ჯანსაღი პიროვნება აერჩია. ანუ, ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ პოზიტიურად შეიძლებოდა წასულიყო პროცესი და რა დადებითი შედეგი შეიძლება მიგვეღო თუ ხელისუფლება დაუშვებდა იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო არაპარტიულ საზოგადოებრივ ელიტას. ეს გახსნიდა პოლიტიკურ სივრცეს, რადგან დიდი ალბათობით ქალაქების მერები და გამგებლები გახდებოდნენ საზოგადოების არაპარტიული წარმომადგენლები და მათ ბაზაზე მოხდებოდა ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირება.

ხელისუფლებამ და პარლამენტმა საზოგადოებრივ ელიტას ეს გზა ჩაუკეტეს. ჩემი აზრით, მათ მიიღეს ანტისახელმწიფოებრივი, შეიძლება ითქვას, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება რაც საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ კრიმინალური, ყავლგასული პარტია დღეს ერთადერთ ალტერნატივად განიხილება. იმედია ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან.

- როგორ დასრულდება მეორე ტური, როგორია თქვენი პროგნოზი?

- მეორე ტურის პროგნოზირებას მე არ დავიწყებდი იმიტომ, რომ მეორე ტურზე ხალხი მიდის მაინც ჯოხის ქვეშ - ორგანიზაციული რესურსის ბაზაზე ხდება ეს ყველაფერი. ვის აქვს დღეს მეტი ორგანიზაციული რესურსი? იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას მეტი აქვს, მაგრამ რომც ვერ მოახერხონ და "ნაციონალებმა" მეტი ორგანიზებულობა აჩვენონ, არც ეს გამიკვირდება.

- ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხომ არ ელით?

- როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 30% მიდის არჩვნებზე, ეს ნიშა კი არ არის, არამედ დიდი ხვრელია. დღეს ხალხის 40-50% პარტიული მიუკერძოებლობის გარეშეა, ანუ ისინი ეძებენ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეიძლება ენდონ. არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ვიხილოთ ახალი ძალები, მთავარია სადმე გამოჩნდნენ.

ია აგულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა