როგორ დაამარცხა ცოტნე გამსახურდიამ უმძიმესი დაავდება - C ჰეპატიტი

როგორ დაამარცხა ცოტნე გამსახურდიამ უმძიმესი დაავდება - C ჰეპატიტი

ცოტნე გამსახურდიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღეს საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ აი, რა ამცნო: "მოკლედ, ასე: ამ წუთას დამირეკეს და საკონტროლო ანალიზის შედეგი მითხრეს: C ჰეპატიტი დავამარცხე!

მადლობა ჩემს ექიმს, ქალბატონ მანანა ლომიძეს, ექთან მაიკოს, და დათო სერგიენკოს დახმარებისთვის!"

ამ პოსტის შემდეგ ცოტნეს ჩვენც შევეხმიანეთ:

- ჩემი ვარაუდით, C ჰეპატიტი დაახლოებით 7-8 წელიწადი მჭირდა. ის ციხეში აღმოვაჩინე. ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის დამემართა. ფაქტია, რომ ეს დაავადება, წლების განმავლობაში, ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობდა.

- ალბათ, ციხეში ყოფნისას მეტად გაგიმწვავდათ.

- ციხეში რა დაავადებაც არ გჭირს, დაგემართება და რაც გჭირს, ის დაგიმძიმდება... შემდეგ უკვე მკურნალობას კონსერვატიული მეოდებით ვცდილობდი. პირველ რიგში, ყველა შემთხვევაში, ადამიანმა დიეტა უნდა დაიცვას. ციხეში ისედაც ვშიმშილობდი, დიეტა კი არა. შიმშილობა მოგეხსენებათ, კიდევ ასუსტებს ორგანიზმს... მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი ვირუსია, რომელსაც ადამინის იმუნიტეტი ებრძვის. როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, ვირუსი მთელ ღვიძლსა და იმუნურ სისტემას მოიცავს. უჯრედებში ჯდება და მათ გადაგვარებას ახდენს... უფრო მძიმე შემთხვევებიც არსებობს...

- თქვენ რა სიმპტომები გქონდათ?

- მაწუხებდა ღვიძლი, მომეშალა საჭმლის მომნელები სისტემა, ვუჩიოდი უენერგიობას, ვამჩნევი, რომ რეგენერაციის უნარიც დაქვეითებული მქონდა. ღვიძლის ფუნქციები დამისუსტდა - ვერ ვიტანდი საკვებს, სასმელს და ა.შ.

- მკურნალობა როდის დაიწყეთ?

- ციხიდან რომ გავთავისუფლდი, მაშინ... წარმოიდგინეთ, ციხეში ეს პოცედურა პატიმარს უფასოდ ეკუთვნის, მაგრამ თუ ხელისუფლების ახლობელი არ იყავი, მაშინ ამ პროგრამაში არავინ ჩაგსვამდა. ჩემ შემთხვევაში ასეთი რამ მოხდა: ოქტომბრის არჩევნები უკვე წაგებული ჰქონდათ, როდესაც ინტერფერონი პირველად გამიკეთეს და პატიმრობიდან სწორედ იმ დღეს გამათავისუფლეს. გარეთ რომ გამოვედი, ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი - დათო სერგიენკო დამეხმარა. დაახლოებით 50 ამპულა გავიკეთე...

- ცნობილია, რომ საკმაოდ მძიმე წამალია. გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

- დიახ, ძალიან მძიმე, ტოქსიკური წამალია, რომელმაც ჩემს ორგანიზმში გამოიწვია - ენდოკრინული და ფარისებრი ფუნქციების მოშლა, კუჭქვეშა ჯირკვილის პრობლემები, საოცრად მტკიოდა სახსრები, ძვლები, იყო პერიოდი, როდესაც ადამინისთვის ხელის ჩამორთმევაც არ შემეძლო და კარის სახელურისთვის ხელის მოკიდება. ძვლები საშინლად მაწუხებდა. ორგანიზმში ავტოიმუნური პროცესები გამოიწვია... როგორც წესი, წამალს ექვსი თვის განმავლობაში უნიშნავენ ხოლმე, მე მისი მიღება ერთი წლის განმავლობაში დამჭირდა. სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ვირუსის კონცენტრაცია. ეს პროცესი პარალელური გამოკვლევებით, წამლებით ცოტა შევამსუბუქეთ. ბევრი წვალება მომიხდა. საგულისხმოა, რომ წამალი მოქმედებს ფსიქიკაზეც, მაგრამ ამას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია, საკუთარი თავის კონტროლი შემეძლო.

- ცნობილია, რომ დეპრესიასაც აჩენს...

- ისე, დეპრესიული პროცესი თავისთავად, იმ მძიმე პერიოდში მყოფსაც, წამლის გარეშეც შეიძლება დაემართოს... მაგრამ ამის კონტროლი მაინც მოვახერხე. დღეს კი გავიგე, რომ პრობლემა დაძლეულია...

როდესაც ინტერფერონის კურსს ასრულებ, უნდა გავიდეს ექვსი თვე, რომ საკონტროლო ანალიზი გაკეთდეს - ვირუსი სადმე არ იყოს მიმალული.

- ეს სისხლის ანალიზით დგინდება, ხომ?

- კი, ერთ მილილიტრ სისხლში ვირუსების რაოდენობა, მილიონებს აღწევდა და 4-5 მილიონი მქონდა. ერთიც რომ დარჩეს და ანალიზში გამოჩნდეს, საშიშია. მოკლედ, ცე ჰეპატიტს ან კურნავენ, ან - ვერა. ამ დაავადების სამი გენოტიპი არსებობს. პირველი ტიპი სამკურნალოდ ძნელია, შედარებით ადვილია - მეორე, მესამე ტიპი კი - რთული. ჩემი მეორეს განეკუთვნებოდა. ციროზს ცოტა მაკლდა.

- მოკლედ, ამ დაავდების დაძლევაში შინაგანი მდგომარეობა მნიშვნელოვანია, ანუ ფსიქიკური სიმყარე და მდგრადობა...

- კი, მთავრია, სწორი კვების რეჟიმი გამოიმუშავო, ციხეში დაახლოებით 200-ზე მეტი დღე მაქვს ნაშიმშილარი. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ გამართული კვების რეჟიმი და რაციონი აღარ მაქვს. არ ვჭამ ხორცს, შემწვარს, ცხიმიანს... მოკლედ, ჩემი კვება თავისთავად დიეტურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე განუზომლად ჯანმრთელი ვარ, ვიდრე ვიყავი. უარი ვთქვი გამაბრუებელ და მათრობელ საშუალებებზე, სიგარეტის მოწევასაც თავი დავანებე. უნდა შეძლოს ეს ადამიანმა და ამავე დროს ფსიქიკურად მყარიც უნდა იყოს.

- თქვენი ამბავი ბევრისთვის საუკეთესო მაგალითია...

- ბევრი წვალება კი უნდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია