საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ბაქოში მისი და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ნადირაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში მხოლოდ მათ ბაქოში ყოფნას ადასტურებს.
"მე და ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთში ვიმყოფებით ბაქოში. ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9 საათიან რეისს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდები ამ მთავრობისგან, იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც გავრცელდა. თუ უნდათ დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ", - განაცხადა ნადირაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. არსებული ცნობით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და ნახევარი მილიონი დოლარის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. "ინტერპრესნიუსი" ამ დრომდე ცდილობს ნადირაშვილთან და ჯაფარიძესთან დაკავშირებას, თუმცა მათ პირადი მობილური ტელეფონები გათიშული აქვთ.
ასევე იხილეთ: ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს