რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმასთვის, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგეს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ადგილი უნდა ჰქონდეს წინსვლას, უნდა მოხდეს სერიოზული გარღევევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ე.წ. ახალ რეალობასთან შეგუებას და იმის დადასტურება ნიშნავს, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილები აღარ არის.
"იმისათვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, აუცილებელია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით მოხდეს ძალიან სერიოზული პროგრესი. მხედველობაში მაქვს კონფლიქტების დარეგულირება. თუკი პროგრესი, სერიოზული წინსვლა მოხდება, მაშინ გარკვეულ ეტაპზე ეს საკითხი განსახილველი იქნება. ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენის მხრიდან იმ ე.წ. ახალი რეალობის აღიარება იქნება, რაშიც რუსეთი აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას გულისხმობს, ანუ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას და მსოფლიო თანამეგობრობასაც დავუდასტუროთ, რომ ეს ორი რეგიონი საქართველოს ნაწილი აღარ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ.