ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები

ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები

თბილისის თვითმმართველობის ისტორია 28 წუთიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ჩაეტევა, რომლის გადაღებაც ბიუჯეტს 142 ათასი ლარი დაუჯდება.

საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის პოპულარიზაციით ხსნის. ამასთან, საკრებულოს წევრები ირწმუნებიან, რომ ფილმში არცერთი მათგანი მონაწილეობას არ მიიღებს.

"ამ ფილმის მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მივცეთ ინფორმაცია, რომ თბილისში თვითმმართველობის ხანა არ დაწყებულა გუშინ და მინიმუმ 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. მიმაჩნია, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც არ იცის და კარგი იქნება, რომ საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდეს", - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებას მნიშვნელოვანს უწოდებს საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია. მისი ინფორმაციით, ფილმის გადაღებაზე 400 კაციანი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს და მას BBC-ის დოკუმენტური ფილმების სტანდარტებით იღებენ. რეჟისორი კი მისი მეგობარი და მოგვარე ალექსანდრე გაბუნიაა.

საკრებულოს დეპუტატი ფილმის რეჟისორთან ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას და ალექსანდრე გაბუნიას ვიზუალურად უკვე წლებია ამსგავსებენ. ამის მიუხედავად, მათ მხოლოდ გვარი აქვთ საერთო. თუმცა, როგორც გაბუნიამ განმარტა, ერთმანეთის ქორწილსაც ესწრებოდნენ.

რაც შეეხება თავად პროექტს, ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ თბილისის თვითმმართველობის ისტორია სულ ცოტა, 10 საუკუნეს ითვლის.

"ჩვენ უკვე მე-11 საუკუნეში გვხვდება დაახლოებით დღევანდელი საკრებულოს ანალოგი ორგანო თბილელი ბერების მონაწილეობით. ეს იყო ერთგვარი დემოკრატიული პრინციპების მქონე ორგანო, რომელიც კოლეგიალურად იღებდა გადაწყვეტილებას ქალაქთან დაკავშირებით. უკვე გასულია 10 საუკუნე და ჩვენ ვხედავთ რამხელა ტრადიცია აქვს თბილისში თვითმმართველობას",- აღნიშნა გაბუნიამ.

დეპუტატი ფილმის გადაღების აუცილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად იმასაც ასახელებს, რომ დედაქალაქის ისტორია მხოლოდ ხოხბის ლეგენდის დონეზე არ უნდა დარჩეს.

ფილმის სცენარი კი იწყება ქალაქის დამაარსებელი მეფე ვახტანგ გორგასლით და გრძელდება თბილელი ბერების ამბით, ფილმში ასევე იქნება დიმიტრი ყიფიანის ეპოქა, იქნება წითელი არმიის შემოსვლა და თვითმმართველობის გაუქმების პროცესი.

ფილმში 150-მდე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. ალეკო გაბუნია ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც ფილმში იღებს მონაწილეობას, მაყურებელმა ვერ უნდა იცნოს. თუმცა რეჟისორმა გაგვიმხილა, რომ ფილმში დავით აღმაშენებლის როლს ზურაბ ცინცქილაძე, ხოლო დიმიტრი ყიფიანის როლს გია მუჯირი შეასრულებენ.

რაც შეეხება თანხების გახარჯვას, ალეკო გაბუნია აცხადებს, რომ 142 ათასი ლარი საკმაოდ ადეკვატური თანხაა ხარისხიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

"აქ საუბარია მსახიობების ანაზღაურებაზე, ჯგუფის გადაადგილებაზე, ლოკაციაზე, დეკორზე, მაკეტების დამზადებზე. ფილმში ცოცხლდება იმ ეპოქის თბილისი, რომელი ეპოქის თბილისაც ვიღებთ. საკმაოდ ძვირი ჯდება დეკორაცია, კოსტუმები, მაკეტები და ძალიან ძვირი ჯდება განათება, კამერა, სტაფის მუშაობა, პლუს დღგ, საშემოსავლოს თანხა... უნდა გაკეთდეს გრაფიკა, უნდა დამუშავდეს ხმა, როცა სტანდარტები არის მაღალი, შესაბამისად, თანხაც მაღალი სჭირდება", - განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

ალეკო გაბუნიას განმარტებით, თანხის 38% ისევ სახელმწიფოს უბრუნდება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის სახით.

რამდენად გამართლებულია თბილისის ბიუჯეტიდან 142 ათასი ლარის გამოყოფა, მაშინ როდესაც დედალაქში უამრავი პრობლემაა, ეს სხვა საკითხია. ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება ფილმის პრეზენტაცია, და რატომ იყო ასეთი აუცილებელი ამ ფილმის გადაღება, თუმცა დეპუტატი ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ თბილისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას თვითმმართველობის შესახებ ახალი ფილმი უკვე გადაღებული დახვდება.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია