აქცია-კონცერტი ოკუპაციის ხაზთან ეკლესიის ასაშენებლად - ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი "ეგარი" და სხვა მომღერლები სოფელ დვანში იმღერებენ

აქცია-კონცერტი ოკუპაციის ხაზთან ეკლესიის ასაშენებლად - ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი "ეგარი" და სხვა მომღერლები სოფელ დვანში იმღერებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე სოფელ დვანში საზღვრისპირა ტერიტორიაზე ქართული მონასტერი შენდება. მონასტრის საძირკვლის ჩაყრა რამდენიმე წლის წინ მოხერხდა, თუმცა თანხის უქონლობის გამო მშენებლობა შეჩერდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მცოცავი ოკუპაციის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ გულისხმიერება გამოიჩინა და მონასტერი ქართულ მხარეს "საზღვრის მიღმა" დაუტოვა.

23 ივნისს სოფელ დვანში ადგილობრივი მოსახლეობისა და საეკლესიო პირების ორგანიზებით იმართება კონცერტი, რათა შემოსული თანხით განახლდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილას ქართული მონასტრის მშენებლობა.

ამ თემაზე Ambebi.ge-ს მონასტრის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი, მამა ნიფონტი ესაუბრა:

"ოთხი წლის წინ საზღვართან ახლოს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მამათა მონასტერს ჩავუყარე საფუძველი. მშენებლობა მრევლის შემოწირულობით მიმდინარეობდა, თუმცა თანხის უქონლობის გამო ვეღარ გავაგრძელეთ. როდესაც მცოცავი ოკუპაცია დაიწყო და მესაზღვრეებმა მიწების გაზომვა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მონასტერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. თუმცა, საბედნიეროდ, ოსეთის მოსახლეობამ გამოიჩინა პატივისცემა და საზღვრის ხაზი ისე გადაწია, რომ ტაძარი ქართულ მხარეს დარჩა. სხვათა შორის, ოკუპაციის დროს სხვა ტაძრის ნანგრევებსაც არ შეეხნენ და ქართულ მხარეს დაუტოვეს. ისეთი რამეც მომხდარა, რომ ღამით ტაძარში სანთლები დაუნთიათ. ჯვარი რომ აღვმართეთ, მათაც საპასუხოდ ჯვარი აღმართეს. თითქოს უხილავი მართლმადიდებლური ხიდი გაიდო ჩვენს შორის... სწორედ ამ შემთხევებმა გამათამამა და საზღვრისპირა ტერიტორიაზე წმინდა ნიფონტის სახელობის პატარა ტაძარს ჩავუყარე საძირკველი. ვიდრე ოკუპანტებისა ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი, გვინდა, რომ მოვასწროთ ტაძრის აშენება, სადაც ბერები დამკვიდრდებიან. იქნებ ეს 40 ჰექტარი მაინც შევინარჩუნოთ... ესეც დიდი იმედია დვანელებისთვის."

23 ივნისს დაგეგმილი საქველმოქმედო აქციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თბილისიდან მომღერლები, სტუდენტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი "ეგარი", ანსამბლი "შავნაბადა", ლაშა ნოზაძე - ეს იმ მომღერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 23 ივნისს სოფელ დვანში ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია