ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, გოგიტიძეების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - 21 წლის ბექა გოგიტიძე, რომელსაც მთელი აჭარა ეძებდა, ბებიის საფლავთან ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბიჭი თურქეთში, ხოფაში მუშაობდა. მან 16 ივნისს, დაახლოებით საღამოს 17 საათსა და 30 წუთზე გადმოკვეთა სარფის საზღვარი და მას მერე კვალი გაქრა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ბექამ ბოლოს შეყვარებულს დაურეკა. შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა. შვილის დაკარგვის ამბავი სამართალდამცავებს ოჯახმა მეორე დღეს შეატყობინა...
ბექას მამის, ოთარ გოგიტიძის თქმით, მისი შვილი თურქეთში სამუშაოდ ოჯახის სიდუხჭირის გამო წავიდა. სამხედრო აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო. ბექამ გადაწყვიტა, სწავლის ფული მოეგროვებინა და ამის მერე ჩაებარებინა აკადემიაში. ოთარ გოგიტიძეს 4 შვილი ჰყავს, სამწუხაროდ, მათგან ერთი, 18 წლის ვაჟი, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ბექა მშობლებს მხარში ედგა - ხან ავადმყოფი ძმისთვის აკოწიწებდა ფულს, ხან ოჯახისთვის. "ბექა თურქეთში ჩემმა დამ წაიყვანა სამუშაოდ, მერე ჯარში წავიდა და სამხედრო სამსახური მოიხადა. ჯარიდან რომ ჩამოვიდა, თურქეთში იმავე სამუშაოზე დაბრუნდა. სოფელში ხშირად მოდიოდა და დილით ისევ სამუშაოდ ბრუნდებოდა. ხოფა ახლოს არის ბათუმთან... 17 ივნისს, მეორე დღეს, საღამოს 5 საათზე დამირეკა ჩემმა დამ და მასთან საუბრის დროს გავიგე, რომ ბექა წამოსულა ბათუმში. მკითხა, ვერ ვურეკავ, უკან როდის მოდისო. ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა, არ შეიძლებოდა, ჩემი შვილი შინ არ მოსულიყო. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მის კვალს რომ ვერ მივაგენი, ყველა ნაცნობს დავურეკე, ვინც ჩემს შვილს იცნობდა. ჩემი და ბექას შეყვარებულსაც იცნობდა და მასაც დაურეკა, ხომ არ იცი, სად არისო. ის გოგოც ჩემს დასთან ახლოს მუშაობს თურქეთში. უთქვამს, ბექამ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, მაგრამ არ მეცალა და ამიტომ ვერ შევხვდიო", - ამბობს ოთარ გოგიტიძე.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ბექამ მამიდაშვილს უცხო ნომრიდან ასეთი მესიჯი გაუგზავნა: "ანანოს მიხედე, ჩემი ძმა ხარ!" ანანო ბექას უმცროსი დაა, რომელიც მესამე კლასში სწავლობს. პარალელურად, სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკში" ბექა გოგიტიძემ ერთსიტყვიანი სტატუსი დადო: "მოღალატე!"
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე