ბოლო განახლება: "ქართული ოცნება" ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს
თბილისელებს "ქართული ოცნების" სახელით გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას პირდებიან. მსგავსი შინაარსის განცხადებები საბურთალოზე, ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული.
"ძვირფასო თბილისელებო, თუ ვინმეს ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ" – წერია განცხადებაში, რომელშიც სამი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია მითითებული. განცხადება "ქართული ოცნების" ლოგოიან ფურცელზეა დაბეჭდილი. პოლიტიკური ძალის მხრიდან მსგავსი დაპირების გაცემა კანონთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის და ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება.
”ამბები.გე”-მ აღნიშნულ ნომრებზე დაკავშირებით სცადა გაერკვია, კონკრეტულად რას შეეხებოდა ეს დაპირება. მითითებული სამი ნომრიდან მხოლოდ ორი იყო ჩართული. მათგან ერთი - "ქართული ოცნების" საბურთალოს ერთ-ერთი ქუჩის წარმომადგენლის აღმოჩნდა.. ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, ქუჩაში გამოკრული განცხადების შესახებ საქმის კურსში იყო. მან დაადასტურა, რომ განცხადებები "ქართული ოცნების" კოორდინატორმა გააკრა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო. მისივე თქმით, მოგვიანებით იგივე პირს დაევალა გაკრული განცხადებები სასწრაფოდ ჩამოეხსნა.
"სად არის ეს განცხადება, ერთმა იდიოტმა გააკეთა, მაგაზე ერთი ამბავი ატყდა. უფროსი ვარ იმ კაცის, ვინც ეს გააკეთა და რომ გავიგეთ, გადავირიეთ. მაგის გაკეთება არ შეიძლებოდა არაფრით. ჩამოვახსნევინეთ. მაგის გაკეთების უფლება ჩვენ არ გვაქვს", -განაცხადა ქალბატონმა, თუმცა არ დააკონკრეტა იმ პირის ვინაობა, ვინც განცხადება გააკრა.
"ქართული ოცნების" სახელით გაცემული დაპირებების შესახებ ინფორმაცია პარტიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ”ამბები.გე” კომენტარისთვის "ქართული ოცნების" პრესსამსახურს დაუკავშირდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი განცხადება პარტიას არ გაუვრცელებია.
"ქართული ოცნება" მითითებულ განცხადებასთან არავითარ კავშირში არ არის. სავარაუდოდ, მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღაცას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადების წარმომავლობა",-აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
ნათია ლეშკაშელი