24 ივნისს მშვიდობის პარკში კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით უჩვეულო რბოლა გაიმართა. 50 მეტრიანი მონაკვეთის გარბენაში ერთმანეთს 11 ქართველი ლამაზმანი შეეჯიბრა. რბოლის უჩვეულობა კი ის გახლდათ, რომ ყველა მონაწილეს მინიმუმ 7 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელით უნდა ეასპარეზა.
"ეს იდეა პირველად ჰოლანდიაში გაჩნდა. 100 მეტრის დისტანციაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილში 100 გოგონა შეეჯიბრა ერთმანეთს. პრიზის სახით გამარჯვებულმა 10 ათასი ევრო მიიღო, თუმცა ბევრი გოგონასთვის შეჯიბრი ტრავმით დამთავრდა. ამ მწარე მაგალითიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ წესები შეგვეცვალა. ქაოსისა და ტრავმების თავიდან არიდების მიზნით, შეჯიბრისთვის მხოლოდ 11 გოგონა შევარჩიეთ. რადგან ქუსლიანი ფეხსაცმელით სირბილი არც ისე კომფორტულია, გადავწყვიტეთ ფეხსაცმლის გარშემო ყველა მონაწილისთვის სკოჩი შემოგვეხვია", - განაცხადა კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ხელმძღვანელმა, შოთა ქელდიშვილამა.
სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველ ადგილზე აშკარა უპირატესობით სუხიშვილების მოცეკვავე, 17 წლის ანი მგელიაშვილი გავიდა და საჩუქრად გადაეცა ორკაციანი საგზური თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში მისთვის უჩვეულოა, ამ ფაქტორს ანისთვის სულაც არ შეუშლია ხელი:
"უკვე რამდენიმე წელია, რაც სირბილი ჩემი ცხოვრების სტილად იქცა. ყოველ დილით დავრბივარ. მართალია კონკურსი ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთი შეჯიბრებები საქართველოში უფრო ხშირად უნდა გაიმართოს" - განაცხადა გამარჯვებულმა.
ჟიურიმ მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეებიც გამოავლინა. მეორე ადგილის მფლობელი სალომე გამიაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი შორენა ყუბანეიშვილი გავიდა. ისინი ფულადი პრიზებითა და პარფიუმერული კომპანიის პროდუქციით დაასაჩუქრეს.
ორგანიზატორების თქმით, ასეთი შეჯიბრი საქართველოში მომავალ წელსაც გაიმართება.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge