საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მშვიდობიანად მივედით 27 ივნისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ამის მიღწევას ძალიან სერიოზული დანახვა უნდა.
"იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და რაც მოჰყვა უკრაინის ევროპულ მისწრაფებას, თუ შევადარებთ ჩვენს მიერ განვლილ პერიოდს, მართლა შეიძლება ითქვას, რომ ნემსის ყუნწში გავძვერით და ეს პერიოდი ძალიან ოსტატურად ჩავატარეთ. ამის მიღწევას ძალიან სერიოზული დანახვა უნდა. იმედი გვაქვს ამას ჩვენი ოპონენტებიც დაინახავენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილიც დაინახავს, რადგან საზოგადოებაშიც იყო სკეპტიკური განწყობა, რომ იქამდე არ მიგვიშვებენ, ცხვირ-პირს დაგვიმტვრევენ და ა.შ. საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მშვიდობიანად მივედით 27 ივნისამდე. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მონდომება, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების პირობებში, ერთი პროცენტი არ გვქონდა შანსი, რომ ჩვენ ასოცირებული ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. ასე იქნებოდა, რადგან ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ რუსეთთან - უაღრესად მწვავე, სრული კონფრონტაცია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები ექნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის. წამყვანის შეკითხვაზე, რას შეიძლება გულისხმობდეს ლავროვის განცხადება, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ გარკვეულწილად, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის წესები შეიძლება გადაიხედოს.
"მე არ ველი, რომ ისევ ემბარგო შემოიღონ, რაღაც დრამატულ, კატასტროფულ სცენარებს არ ველი. ვფიქრობ შეიძლება იგივე რაღაც მოხდეს, ტარიფების მომატება, რაღაც პირობების გადახედვა. ჩვენ რუსეთთან ფაქტობრივად გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ეს გაუქმებით ვერ გაუქმდება, რადგან ჩვენ ორივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ. იქ გარკვეული თამაშის წესები არსებობს. ამ ყველაფრის უგულვებელყოფა ძალიან ძნელი წარმოსადგენია", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, შესაძლებელია რაღაც პირობების გადახედვა მოხდეს. "შეიძლება ჩვენი ექსპორტი გაძვირდეს, ასეთი ვარაუდიც არსებობს. ჩვენი ექსპერტები შეიკრიბებიან ივლისის პირველ რიცხვებში, მოვილაპარაკეთ ამის შესახებ. საექსპერტო შეხვედრა გაიმართება, ალბათ ეკონომიკის სამინისტროდან იქნებიან ჩვენი სპეციალისტები. შეხვდებიან რუს ექსპერტებს და გაივლიან ყველაფერს, გაივლიან სავაჭრო ორთიერთობების თემატიკას, ზოგადად, რა გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში, სამომავლო პერსპექტივები და რა თქმა უნდა შეეხებიან ასოცირების ხელშეკრულებასაც", - განმარტა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები ექნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"როგორც კი ძალაში შევა ასოცირების შეთანხმება და ჩვენ გავაანალიზებთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ მოვუწოდებთ მათ მოლაპარაკებებისკენ. ბაროზუ ჩვენს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას დაპირდა კიდეც, რომ სამიტამდე აუცილებლად გაიმართებოდა კონსულტაციები, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხვალ, 27 ივნისს მოაწერენ ხელს.