ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი

დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს –ევროპას.

"დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ! ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს! დღევანდელი დღე - 27 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემი სამშობლოსთვის. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება. ძნელია სიტყვით გამოხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი, როგორც ერთი ქართველი. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემს სამშობლოში ყველას ეს ემოცია აქვს. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს -ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს - სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 27 ივნისი განსაკუთრებული თარიღია იმიტომაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველო საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, საკუთარი მტკიცე და ურყევი ნებით უერთდება დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს.

"დღევანდელი დღით იწყება სრულიად ახალი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა, ეს დღე იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელმაც უნდა გააღრმავოს და განამტკიცოს ჩვენი ურთიერთობები.

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, და ქართველებმა ჩვენი უნიკალური კულტურით, ჩვენი ტრადიციებით უნდა შევაბიჯოთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერთა ევროპულ კავშირში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით და ურყევი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით, საიმედო ხიდია.

"ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს დინამიკურ ბაზარს, ევროპულ ენერგო უსაფრთხოებას - ალტერნატიულ უსაფრთხო დერეფანს, ხოლო საერთაშორისო სტაბილურობისათვის – საიმედო პარტნიორობას. საქართველო მაგალითია, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა, და ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი რეგიონში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ბრიუსელიდან მიმართა

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა