ევროპის მოედანზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კონცერტი "სუხიშვილების" ანსამბლმა ცეკვით გახსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის, საოპერო და კულტურის ცნობილი მოღვაწეები.
ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა ის გამარჯვება, "რომელსაც ერთად მივაღწიეთ". როგორც პრეზიდენტმა გუშინ, ევროპის მოედანზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ასევე ულოცავს ამ დღეს უკრაინისა და მოლდოვას მოსახლეობას.
"მე მინდა მივულოცო ჩვენს ძმებს უკრაინაში და მოლდოვაში. მინდა მივესალმო მათ, იმიტომ, რომ ისინიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს, მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მათ ბევრი სამუშაო ჩაატარეს და მათ ეს მუშაობა ყველამ უნდა დაუფასოს. "მაგრამ, ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ყველაფერს მიაღწია. ქართველ ხალხთან ერთად, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, იმიტომ, რომ ძალიან სწორი აქცენტები მოგვცა ამ გზაზე. ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ, თქვენთან ერთად ვიქნები მომავალი გამარჯვებებისკენ", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი კონცერტზე შეკრებილ მოსახლეობას შეუერთდა, მიესალმა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა და მათთან ერთად სურათები გადაიღო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ევროპის მოედანზე