ანაკლიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაცული წესით, 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას პოლიცია 236-ე და 239-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.
ანაკლიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივსტები არჩევნებში ელგუჯა ესართიას გამარჯვებას ზეიმობდნენ და ერთ-ერთმა ნასვამმა პირმა ცეცხალსასროლი იარაღიდან ისროლა. პოლიციამ ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი დააკავა. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტის, მაკა კოდუას ინფორმაციით, მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად გაუსწროდნენ. მაკა კოდუას სახეზე რამდენიმე მცირე დაზიანება აღენიშნება.