რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?

რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?

არის, ასრულდა (სულხან-საბას) ოცნება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერეთ. როგორც ამბობენ, შეთანხმება 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან. ესე იგი, ცოტა გლეხურად რომ ვთქვათ, ჩვენი კანონები ევროპულად უნდა გადაკეთდეს. მაშ ასე, ამიერიდან უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიერიდან ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იმ პირების უფლებებიც, რომლებიც უმცირესობებს (აქ სიტყვა "სექსუალური" აღარ ჩაუწერიათ, ისედაც ცხადია) მიეკუთვნებიან. არ გვაქვს უფლება, შევქმნათ, ვიყიდოთ და გავავრცელოთ მასობრივი განადგურების იარაღი (ეს არ ეხება რაგარტკასა და ცალლულიან თოფს). ევროკავშირი და საქართველო იღებენ ვალდებულებას, ყველა მოქალაქეზე, ანუ ჩვენზე გადაანაწილონ მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი (ესე იგი, ყველანი წილში ვართ). ამიერიდან გვეძლევა უფლება, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გაათმაგებული ძალებით ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს, უკანონო ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და ტერორიზმს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამის ეტაპზე, უვიზო რეჟიმის შემოღებას. აქ განგებ ჩაგვიწერეს სიტყვები - "შესაბამის ეტაპზე", რაც იმას ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი იქნება ოდესღაც, ვითარცა მაპ-ი.

რაღა დაგიმალოთ და... ამ ხელშეკრულებაში კარგი რაღაცები წერია - მაგალითად, სავაჭრო სივრცის გაფართოება-განვითარება, ინვესტიციების ჩადება, სახელმწიფო ინსტიტუტების დახვეწა და ასე შემდეგ. აქ არ წერია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა და მოძრაობის წესები, მაგრამ ბევრ მომენტში იგულისხმება. არც ის წერია, კორპუსების ზედა სართულებიდან ცელოფნის პარკებით ნაგავი არ გადმოყაროთო, მაგრამ, როცა საუბარია სამათრლებრივი ინსტრუმენტების განვითარებასა და მორალზე, ესეც იგულისხმება. ბოლო-ბოლო, რანაირი ევროპელი ხარ, თუკი ნაგავს ზემოდან დააყრი საკუთარ მამულს?

მოკლედ, ეს ხელშეკრულება გვეუბნება, თქვენი კანონმდებლობა განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად უნდა დაუახლოოთ ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროშიცო. ბუნებრივია, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში მტკივნეული და ძნელად შესაგუებელი იქნება. მენტალურ პრობლემას თავი რომ დავანებოთ, ბევრი რამის გამოსწორება ფინანსურ საკითხთან იქნება დაკავშირებული. ვინაიდან, ჩვენ ევროპულ ხელფასებამდე და პენსიებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ამიტომ უფრო გაძლიერდება უკმაყოფილება და ევროპის დედის გინება. როგორც "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტრანსპორტის სფეროში უამრავი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ასოცირების ხელშეკრულების სრული ვერსია არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ, საფუძვლიანად და სიღრმისეულად განვიხილოთ საქართველოს ვალდებულებები სატრანსპორტო სფეროში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ ევროკაშვირთან პარაფირების დოკუმენტით, სადაც ზოგადად არის განხილული აღნიშნული საკითხი. ევროკავშირთან ასოციცრების ხელშეკრულების დოკუმენტი, ტრანსპორტის შესახებ, იყოფა 4 ძირითად მოდულად, ეს არის საავტომობილო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი და საჰაერო ტრანსპორტი, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებულია საავტომობილო ტრანსპორტზე, ძირითადად კი სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზე. მე რამდენიმე საკითხს ხაზგასმით გამოვყოფ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. მაგალითად, სამგზავრო, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ზოგიერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე უნდა დამონტაჟდეს სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობა. ესე იგი, იმ ავტომობილებზე, რომლებითაც ხდება მგზავრთა გადაყვანა, დამონტაჟდება სპეციალური აგრეგატი, რომელიც არ მისცემს ავტომობილს საშუალებას, განავითაროს ზღვრულად დაშვებული სიჩქარეზე მეტი. ასევე, იქნება მოთხოვნა, რომ დადგინდეს, ანუ რეგულაციას დაექვემდებაროს წონა. ეს ძირითადად ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს. აქ უკვე კონტროლს დაექვემდებარება სახიფათო ტვირთების გადაზიდვები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იმ სატრანსპორტო საშუალებებში, უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზის მიზნით, აუცილებელი იქნება ხმის ჩამწერი მოწყობილობების დაყენება. დაწესდება მგზავრთა გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების სამუშაო დროის მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები გარკვეული საათობრივი ლიმიტით დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებელი გახდება იგივე მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პერიოდული გადამზადების ჩატარება. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისებზე მძღოლების წინასამარშრუტო ალკო და ნარკო ტესტის პერიოდულად ჩაბარების მოთხოვნა. ასევე, ხელშეკრულებაში ზოგადად არის საუბარი მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ხელმოწერიდან 4 წლის ვადაში, ის მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების მოთხოვნებს, ეს შეიძლება იყოს - Euro 4, Euro 5 ან Euro 6, ანუ დაიყოს კატეგორიებად. თუმცა აქ არ არის საუბარი იმ მეორად ავტომობილებზე, რომლებიც არ კვეთენ საქართველოს საზღვრებს და პერიოდულად არიან დაკავებული მხოლოდ შიდა და ადგილობრივი გადაზიდვებით. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, მონიტორინგი გავუწიოთ ევროკაშვირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესს. როგორც კი ჩვენთვის გახდება ხელმისაწვდომი ხელშეკრულების სრული დოკუმენტი, დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით და ხელმისაწვდომს გავხდით ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირის სატრანსპორტო კანონმდებლობასთან დაახლოება და ჰარმონიზაცია, ვფიქრობ, ძალიან ზოგადი და ხმამაღალი განაცხადია, სინამდვილეში კი ძალიან ბევრ სერიოზულ გამოწვევასთან მოგვიწევს გამკლავება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში".

ასოცირების ხელშეკრულებაში არსად წერია, ქართველებმა 10-15 წლის მანქანებზე უარი თქვით, ჯართში ჩააბარეთ და ახლები იყიდეთო. არც ის წერია, შემოტანილ მანქანებს რომ კატალიზატორები ამოცლილი აქვს, 300 ლარი გადაიხადეთ და ხელახლა ჩააყენეთო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სახის კანონებს დაწერენ ჩვენი დეპუტატები და რამდენ ხანში მოგვიჭერენ მარწუხებს. რაც შეეხება ავტომობილების სრულ ტექდათვალიერებას, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში და ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, შეიძლება კანონით ისე დარეგულირდეს ყველა საკითხი, რომ ე.წ. რეფორმა ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენთვის... ვნახოთ...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია