"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" შემდეგ არჩევნებზე მწარე მარცხს განიცდის.
ბოკერიას თქმით, სწორედ ეს აღელვებს და ამით არის გამოწვეული ხელისუფლების პანიკა, რაც პოლიტიკურ დევნაში გამოიხატება. ასე გამოეხმაურა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარებას.
"სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ ყოფილა მოულოდნელი, ეს არის უნიათო, არაფრის გამკეთებელი, არაკომპეტენტური ხელისუფლების მხრიდან იგივე ხაზის გაგრძელება – პოლიტიკურ დევნაზე აქცენტის გაკეთება, როდესაც სხვა ვერაფერს აკეთებ, პირველ რიგში კი იმას, რისთვისაც ისინი აირჩიეს. ეს არაფერს კარგს არ მოუტანს, ძალიან ცუდად მოუტრიალდებათ, მაგრამ როგორც მრავალჯერ გვითქვამს, ამ პროცესში ისინი აზიანებენ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც შეეფერება დემოკრატიულ ოპოზიციას და დარწმუნებული ვარ, მითუმეტეს, ამ არჩევნების შედეგების შემხედვარე, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი მწარე მარცხს განიცდიან, და სწორედ ეს არის, რაც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ და მათ უფროსს, ოლიგარქ ივანიშვილს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
იგი ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მორატორიუმი მხოლოდ დაკავებებს შეეხებოდა და არა დაკითხვაზე დაბარებას და აღნიშნა, რომ ესეც ისეთივე სიცრუეა, როგორც თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ კოალიციისგან ისმის.
"მორატორიუმის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სანამ საარჩევნო კამპანია მიდის, იმ ტიპის საქმეებზე, რომლებიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას და ძალადობრივი დანაშაული არ ხდება, არავის დაკითხვა არ უნდა მომხდარიყო, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს. ამაზე იყო საუბარი, დაიჭირეს ჩვენი რამდენიმე კანდიდატი, წინასწარ პატიმრობაშია იმ ტიპის ვითომ დანაშაულზე, რომლისთვისაც, მათივე განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანია ხონში დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ჯიბუხაია, რომელიც ბოკერიას აზრით, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს.
"ასე, რომ პატარა შეთანხმებაც კი დაარღვიეს, რაც არ გვიკვირს. მათი პანიკა გასაგებია, ამ არჩევნების შედეგების შემდეგ, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი სხვა, არის არაადეკვატურად გამოხატული", - დასძინა გიგა ბოკერიამ.