"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე

"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე

გაგიმხელთ, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა სტატიისთვის შესავლის გაკეთება მიჭირს. რამდენჯერმე დავწერე და წავშალე... ჯერ მინდოდა, 40 წლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის უბედობა იღბლისთვის გადამებრალებინა... შემდეგ გადავწყვიტე, მისი დედისა და შვილებისთვის ნუგეში მეთქვა... მესამე ვარიანტი - ავღანეთში მისი გმირობის ამბავი იყო და სწორედ ამით მინდოდა დაწყება... კიდევ ერთი, ბოლო მცდელობა კი ის გახლდათ, რომ მინდოდა, სტატია მისი უიღბლო სიყვარულის მოყოლით დამეწყო... როგორ დაიწერა ჯვარი ბერძენმა დიმიტრიმ უგონოდ მყოფ ჯულიეტა ბენიძეზე, რომელიც რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებული, სიკვდილს ებრძოდა... არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, არც კი ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია... ალბათ მაინც ის, რომ თაღლითის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი სხვისი ვალების გადასახდელად ათენში გაემგზავრა და იქ ტრაგიკულად დაიღუპა - ფანჯრიდან გადმოვარდა, ოჯახს კი იმის საშუალებაც არ ჰქონდა, შვილი სახლში დაესვენებინა. ისინი სამძიმარს ფაქტობრივად, კორპუსის ეზოში იღებდნენ და ჯულიეტაც იქიდან გაასვენეს. მისი შვილი - გიორგი კი დაუტირებელი დედის შესახებ ბებიის მონათხრობს ციხის კედლებში წაიკითხავს.

ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში ფაქტობრივად, ბრმად მივედი, რადგან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჯულიეტა ბენიძე იქ რომელიღაც კორპუსში ცხოვრობდა. პირველივე კორპუსთან გავჩერდი და მაღაზიაში შევედი. გამყიდველ ქალბატონს ვთხოვე, დამხმარებოდა ბენიძეების ოჯახის მოძებნაში. ტელეფონით ქალბატონ რუსუდანს დაუკავშირდა და ჩემდა გასაოცრად, ზუსტად ერთ წუთში ასაკოვანი, შავებში ჩაცმული ქალბატონიც გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მასპინძელი მაღაზიის გვერდით, ნულ სართულზე, თავისსავე აშენებულ მოცუცქნულ ოთახში ცხოვრობს. კორპუსი მაღალ ბოძებზე დგას და სწორედ ამ ბოძების ქვეშ აქვს ამოშენებული 8 კვადრატული მეტრი ფართობი, რომელსაც წინა ხელისუფლება ართმევდა. ოთახის შესასვლელი კი იმდენად ვიწროა, რომ კუბო არ შეეტია. ჭირისუფალმა იქვე, შესასვლელთან სახელდახელოდ გაჭიმა თოკები და ლურჯი ფერის "ბრეზენტით" შემოღობა, სადაც მიცვალებული დაასვენეს.

რუსუდან ბენიძე:

- ჯული წალენჯიხაში ცხოვრობდა, ქმარ-შვილთან ერთად. ორი შვილი ჰყავდათ, როცა მისი ქმარი უკრაინაში წავიდა და მას მერე თვალით არ გვინახავს. მის გასამგზავრებლად ფული ჯულიმ ისესხა იმ ქალისგან, ვინც თხილს იბარებს ანუ 400 კილო თხილის ფული წინასწარ მისცა. იმ წელს თხილის მოსავალი არ მოვიდა და მხოლოდ 150 კილო ჩააბარა. შემდეგ წელს, დარჩენილი 250 კილო გააორმაგა და 500 კილო უნდა ჩაებარებინა ანუ მევალემ ყოველთვიური პროცენტი დააკისრა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ზურგზე მარტოხელა ქალს და გადაწყვიტა, ბავშვები ჩემთვის მოებარებინა, თვითონ კი ჯარში, კონტრაქტორად წასულიყო. გორისა და ვაზიანის ბაზაზე მსახურობდა, შემდეგ ერაყშიც წავიდა. 6 თვის მერე ერაყიდან თვითმფრინავით ჩამოვიდნენ და ტანისამოსის გამოცვლის საშუალებაც არ მისცეს, პირდაპირ ომში წაიყვანეს.

- 2008 წლის ომს გულისხმობთ?

- დიახ. ერაყიდან ჩამოტანილი ბარგი გორში, ერთ ოთახში შეაყრევინეს და კარი ჩაკეტეს. 3 დღე იბრძოდა ჯული. როდესაც ქართულმა ჯარმა გამოსვლა დაიწყო, 8 ბომბმტყორცნი ზურგზე აიკიდა, რომ მტრისთვის არ დაეტოვებინა და მცხეთამდე ფეხით იარა. ისე გამორბოდნენ მებრძოლები, თურმე გზაშიც არ უჩერებდნენ მანქანას. იარაღი მაინც წაიღეთო, - სთხოვდა თურმე მძღოლებს, მაგრამ მისთვის არავის ეცალა. ერაყიდან ჩამოტანილი ნივთებიც არ დახვდა ადგილზე, ვიღაცას გაუძარცვავს ჯარისკაცები და ის ოთახი ცარიელი აღმოჩნდა. ჯულის შვილს - გიორგის თამაშისას თვალი დაუზიანდა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ბოლო ოპერაციისთვის თურქეთში წასვლა იყო საჭირო, რომ სილიკონის თვალი ჩაესვათ. ამას დიდი დრო სჭირდებოდა, ჯულის კი ამდენი ხნით არავინ გაათავისუფლებდა სამსახურიდან. ამიტომ საერთოდ წამოვიდა იქიდან, რომ შვილისთვის მიეხედა. 1.000 დოლარი ბანკიდანაც ისესხა და შვილს უპატრონა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჯული ახლობლის სახლში შემთხვევით გადაეყარა ვინმე მაკა ხუბუას, რომელმაც შეიტყო, რომ უმუშევარი ჯული ბანკის ვალს ვერ იხდიდა და შესთავაზა, - შენი ბინა (რომელიც სულ 2 კვირის გაფორმებული ჰქონდა) ჩავდოთ ბანკში, იპოთეკით დავტვირთოთ, შენ 1.000 დოლარს მოგცემ და ამ ფულს საქმეში ჩავდებ, 3 თვეში ბინასაც დაგიბრუნებო. გაბრიყვდა ჩემი შვილი და დათანხმდა. ის 1.000 დოლარი მართლაც მისცა, მაგრამ იმავე საღამოს დაადგა თავზე, - სასწრაფოდ მჭირდება, 3 დღით მასესხე ფული და დაგიბრუნებო. ისევ უკან წაიღო. გადიოდა დრო და მაკასთან ვერაფერს გახდა. ჩხუბისა და აყალმაყალის შემდეგ, იმ თაღლითმა შესთავაზა - საბერძნეთში არალეგალურად გადაგიყვან, რაც 5 ათასი ევრო ჯდება, იქ რომ ჩახვალ, მაგ ფულს დედაჩემი გადაიხდისო. სხვა გზა მაინც არ იყო და ჯული დათანხმდა. მაკამ გააფრთხილა, გზის ფული გამზადებული გქონდეს, შესაძლოა, უეცრად მოგიხდეს წასვლაო. საწყალ გოგოს 200 ევრო ჰქონდა გადანახული. ერთ საღამოს მაკა ვიღაც მამაკაცთან ერთად მოვიდა და უთხრა, ეს შენი გამცილებელია, ხვალ მიდიხარ და ფული მიეციო. ის 200 ევროც ჩაიჯიბა და მეორე დღეს კი არა, თვე-ნახევრის შემდეგ ძლივს გაუშვა, ისიც დიდი ჩხუბის მერე. ჩავიდნენ საბერძნეთში, პირველსავე ქალაქში მაკას დედა უნდა დახვედროდა და ამ კაცისთვის ფული გადაეხადა. არ დახვდა. ჯულიმ რომ დაურეკა, უთხრა, - ფული არ მაქვს, ათენამდე ჩამოდით და აქ რამეს მოვახერხებო. გამყოლმა უარი თქვა ათენში ჩასვლაზე და ჯულიც არ გაუშვა, დაპატიმრებული ჰყავდა იქ. ჩავრიე საბერძნეთში მცხოვრები ნაცნობი ქართველი მამაკაცები, იმათ ჩააკითხეს და ჯული იმ პირობით წამოიყვანეს, რომ თავად გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ ამ 5 ათას ევროს. მოკლედ, ის ბინაც დავკარგეთ, გზის ფულიც ჯულის გადასახდელი შეიქნა.

- რომელ წელს მოხდა ეგ ამბავი?

- 2010-ში. კარგა ხანი მოანდომა ვალის დაფარვას, ჩვენ თითქმის ვერ გვეხმარებოდა. რამდენჯერმე გამოგვიგზავნა ფული და როგორც კი ეს ჩემს ანგარიშზე აისახა, სოციალური დახმარება მაშინვე მოგვიხსნეს. აფხაზეთიდან დევნილები ვართ, მეც ვიბრძოდი, ჩემი შვილიც - ჯულის ტყუპისცალი ძმა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, მაგრამ რადგან საბერძნეთიდან ცოტა ფული გამომიგზავნეს, დახმარება მაშინვე მომიხსნეს.

- მაკას რა ბედი ეწია?

- დაიჭირეს, გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ახლა უკვე გარეთაა. 34 ოჯახი ჰყოლია ჩვენსავით გამწარებული. ბინა იპოთეკარმა წაგვართვა და ღია ცის ქვეშ დავრჩით. სწორედ ამის შემდეგ ამოვაშენე ეს სანაგვედ ქცეული ადგილი, გამოვასუფთავე და ამასაც მართმევდა წინა მთავრობა. თავიდან ბლოკით ამოვაშენე, მაგრამ მოვიდნენ და მითხრეს, - 2 დღეს გაძლევთ, ან გაიფორმე ეს ადგილი, ან დაანგრიე, თორემ 10 ათასლარიან ჯარიმას დაგიწერთო. ავდექი და დავანგრიე. იდგნენ და მიყურებდნენ, ტირილ-ტირილით როგორ ვანგრევდი ძლივს აშენებულ კედელს. ახლა ფანერებით ავჭედე, ზამთარში საშინლად ცივა აქ, მაგრამ არც არავინ მოდის წასართმევად.

- ტრაგედია როდის დატრიალდა?

- 17 მაისს. ჯერ ორმოციც არ გვაქვს გადახდილი. 28 მაისს ჯული ჩამოსვლას აპირებდა, 4 წელია, აქ არ ყოფილა და გახარებული იყო, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა. ზუსტად 28-ში ჩამოვასვენეთ. 2 წლის წინ ჯულიმ ბერძენი მამაკაცი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ კიდეც. დანიშნულებიც იყვნენ. საქართველოდან რომ დაბრუნდებოდა, ჯვარიც უნდა დაეწერათ. დიმიტრი უშლიდა, - ნუ მუშაობო, მაგრამ ჯულის ერიდებოდა მის კმაყოფაზე ყოფნა, თან ფულს ჩვენც ხომ გვიგზავნიდა და შაბათ-კვირას ერთი მოსამართლის ოჯახში მაინც მიდიოდა ხოლმე. იმ დღესაც მისულა, ფანჯრის გაწმენდა მოუნდომებია. ფანჯარა ლიფტის კარივით იღებოდა. გაუღია და არ დაუფიქსირებია. ჰოდა, ასვლისას ფანჯარა გამოწეულა, წონასწორობა ვერ დაუცავს და 15 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდნილა. მაშინვე საავადმყოფოში წაუყვანიათ და აპარატზე შეუერთებიათ. 3 დღის შემდეგ, გონზე მოუსვლელად დალია სული. მანამდე კი დიმიტრის მასზე ჯვარი დაუწერია. ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა და შემდეგ ჯვრისწერის ბეჭედი ჩვენ გამოგვიგზავნა, - ჯულის იმ ქვეყნად გაატანეთო. აი, ნახეთ, შიგნიდან ბეჭედს ჯულიეტა აწერია. ჯულიეტას ბეჭედს კი დიმიტრი ეწერა. თავისი ბეჭედი თან წაიღო, ცოცხალი კაცის ნივთის გატანება კი თურმე არ შეიძლება და ამიტომ დავიტოვეთ.

- გასვენებაში დიმიტრი ვერ ჩამოვიდა?

- როგორც კი შეგვატყობინეს, რომ ჯული საავადმყოფოში იყო, მისი ტყუპისცალი ძმა მაშინვე გაემგზავრა საბერძნეთში. მან გადმოასვენა, თუმცა, მატერიალურად დიმიტრი ამოგვიდგა მხარში. ის რომ არ ყოფილიყო, რა გვეშველებოდა, არ ვიცი. საელჩომ დახმარებაზე უარი გვითხრა, რადგან მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ვეხმარებით, კანონში ასე წერიაო. ის კი არა, აეროპორტიდან სახლამდე რომ მოგვესვენებინა, კატაფალკის ფული ვთხოვეთ გამგეობას და უკვე რამდენიმე დღის გასვენებული იყო ჯული, უარი რომ მოგვივიდა. გამგეობის თანამშრომელმა, მაკა გოდერძიშვილმა შემომთავაზა, - 120 ლარს თუ გადაიხდით, კატაფალკას დავურეკავ და მოგემსახურებათო. თითქოს ტელეფონის ნომერს ვერ გავიგებდი. სინამდვილეში 50 ლარი დაჯდა. დიმიტრიმ მითხრა, - სასაფლაო გააკეთეთ და ორმოცისთვის ჩამოვალო. ძალიან განიცდის ამ ამბავს.

- დიმიტრის შესახებ კიდევ რა იცით?

- ვიცი, რომ ჟურნალისტია და მგონი პარლამენტის წევრი გახლავთ. მეტი არაფერი.

- ჯულის შვილებზე გვითხარით რამე...

- სალომე 18 წლისაა, დედამისმა 9 თვის წინ წაიყვანა საბერძნეთში და იქ სწავლობს. ახლა უპატრონოდ დარჩა, იქაური ქართველების იმედზე. ბიჭი სასჯელს იხდის, 2 წელია, ციხეშია.

- დედის გასვენებას ვერ დაეს­წრო? როგორც ვიცი, ბადრაგს მოჰყავს ხოლმე, ასეთ შემთხვევაში...

- რას ამბობთ, ციხეში ნაჯდომი ბავშვი მოვიდოდა და დედის ცხედართან დადგებოდა? ამას როგორ აკადრებდა დედას, ამხელა შეურაცხყოფას როგორ მიაყენებდა?! დარჩა დედა დაუტირებელი... სატანჯველად დაიბადა ჩემი შვილი, ქმარმა არ გაუმართლა, ჯარი, ერაყი, 2008 წლის ომი გამოიარა, თაღლითის მსხვერპლი გახდა და იძულებული გახდა, გადახვეწილიყო, იქაც სხვის მოსამსახურედ მუშაობდა. ბოლო 2 წელი, რაც დიმიტრის შეხვდა, ცოტა გახალისდა, თავი ქალად იგრძნო, ბედნიერი იყო და რომ თქვა, ახლა ცოტას ამოვისუნთქავთო, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა. ომებს გაუძლო და ფანჯრიდან გადმოვარდნამ იმსხვერპლა. სამძიმარზე ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა - თემურ ქირია. უზარმაზარი თაიგული ეჭირა ხელში და ტიროდა. თავიდან ვერ ვიცანით. ჯულის თანამებრძოლი აღმოჩნდა. ერაყში ერთად ყოფილან. როგორც თავად მოჰყვა, "ჰამერით" გადაადგილდებოდნენ თურმე და ნაღმზე აფეთქებულან. მანქანას ცეცხლი ეკიდა, თემური ქვეშ ყოფილა მოყოლილი. ჯულისთვის უთხოვია, ტყვია დამახალე, წამებით სიკვდილი არ მინდაო. ჯულის ჯერ ავტომატი მიუბჯენია საფეთქელთან, მერე იარაღი მოუსროლია, ძალა მოუკრებია და მანქანა ამოუტრიალებია. თემური გამოუყვანია და გადაურჩენია.

- მოსამართლეს, რომლის ოჯახშიც ჯულის ტრაგედია მოხდა, სამძიმარი არ გამოუთქვამს?

- არა, არ შეგვხმიანებია. დიმიტრი ძალიან გაბრაზებულია მათზე. ის კი არა, ჯულის შვილს ვუთხარი, - სადაც დედამ სული დალია, იქ სანთლები დაანთე-მეთქი. მეგობარ გოგონებთან ერთად მისულა. იმ მოსამართლის მოახლე გამოსულა და ანთებული სანთლები ნაგავში ჩაუყრია, გოგონები კი გამოუყრია. აი, ასე დასრულდა ჩემი ლამაზი ჯულის 40 წელი.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება