"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

ნაპოვნია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი. როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე დღეს სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება.

"მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

თავად მაია რამიშვილის განცხადებით კი, გადაჭრით არ ამბობს, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოაჩინა, თუმცა ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია.

"ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – "შეიწყალე, უფალო, ნიკალა". გამორიცხული არაა, ეს ინფორმაცია მალე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს ჟურნალისტი.

მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ამასთან ერთად, ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე. ამირან არაბულის ვარაუდით კი, ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის, რომ თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს, ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია.

როგორც დღეს საფლავის მონახულების დროს აღნიშნეს, საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ სათანადო ნებართვის გარეშე ამას ვერავინ დაიწყებს.

კულტურის მინისტსი გურამ ოდიშარია მკვლევარებს თანადგომას დაპირდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია