დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა - რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში

დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა -  რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში

დუშეთის რამდენიმე სოფელში წყალდიდობაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, ჟინვალის თემის სოფელ გუდრუხში ხევის ადიდების გამო რამდენიმე ოჯახს სახლში წყალი შეუვარდა.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სადაც ასევე სახლებია დატბორილი.

ვაჟა ჩოხელის თქმით, ჟინვალი-ბარისახოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან.

სტიქიური მოვლენების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში სამ ადგილას ჩახერგილი გზა უკვე გაწმენდილია, იწმინდება ხევის კალაპოტიც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

წყლის მოვარდნა სოფელ ბულაჩაურში გუშინ ხევის დაგუბებამ გამოიწვია. წყალი მოსახლეობას სახლებშიც შეუვიდა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უმოკლეს ვადებში მოახდინა შესაბამისი მძიმე ტექნიკის მობილიზება და ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, დეპარტამენტის წარმომადგენლები, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ადგილზე გუშინვე გაემგზავნენ.

სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ბულაჩაურში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ წუთისათვის გზის ჩახერგილი მონაკვეთები გაწმენდილია და მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გასუფთავება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები და ქვიშით ამოავსო ეზოები. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია