შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)

შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)

შს საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. მისივე განმარტებით კინოლოგიური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება.

"პროექტის ფარგლებში შს და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა შეძენილ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს 8-კვირიანი მომზადების კურსი. ასევე გაეცნენ თურქეთში არსებულ სისტემას", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

მისივე განმარტებით მიმდინარე ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები დანაყოფის წევრებთან ერთად ყოველდღიურად გადიან მომზადებას შს სამინისტროს კინოლოგიურ სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივმოქმედ საცხოვრებელ ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განმარტებით, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"მათთვის, ვინც მუშაობს საელჩოში კარგად ნაცნობია ეს აეროპორტი. ამით ჩვენ ვსარგებლობთ მაშინ, როცა ჩამოვდივართ თბილისში, ან მივდივართ უცხოეთში. ასევე ამ აეროპორტით ხდება მგზავრთა გატარება და ვაჭრობა. გასულ კვირას ჩვენ შავ ზღვაზე ვიმყოფებოდით, სადაც ვესწრებოდით კიდევ ერთი შენობის გახსნას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო საზღვრების დაცულობას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის განმარტებით, თბილისის აეროპორტს დაემატა ახალი სამსახური, რომელიც იმისათვის იქნება მიმართული, რომ აღიკვეთოს ნარკოტიკებით ვაჭრობა.

"ეს პროცესი კარგად ჯდება საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და მის ბაზრებთან ჰარმონიაში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ქეროლ პერეზის განმარტებით, ნარკოტიკებთან ბრძოლა გლობალური პრობლემაა და მასთან ბრძოლა აუცილებელია.

"ჩვენ მადლიერები ვართ, რომ საქართველო შემოგვიერთდა ამ პროგრამაში, რადგან ნარკოტიკებით მოვაჭრეები არ ცნობენ საზღვრებს", - განაცხადა ქეროლ პერეზმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფინანსთა სამინისტრო და შსს თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით მოახდენენ ტვირთის შემოწმებასა და ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხადია, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ქვეყანაში აღარ შემოიტანენ. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული ღონისძიებაა. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ანალოგიური ერთობლივი ღონისძიებების გატარებას", - განაცხადა ხადურმა.

ღონისძიებაზე მოეწყო ძაღლების მიერ ნარკოტიკების ამოღების ინსცენირება. სამართალდამცავებმა ნარკოტიკები ჩემოდნებში დამალეს და ძაღლებმა მათი პოვნა შეძლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ