ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს

ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს

ტერორისტულმა დაჯგუფება "ერაყისა და სირიის ისლამურმა სახელწიფომ" (ისის) მიკრობლოგ ტვიტერში ახალი რუკა გამოაქვეყნა, რომელზედაც მსოფლიოს ის სახელმწიფოებია მონიშნული, სადაც ის შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას გეგმავს. ახალ ისლამურ რუკაზე მთელი კავკასია და მათ შორის საქართველოც მოხვდა.

ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ისლამის გაძლიერება აშკარაა და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც დიდი საფრთხის შემცველია. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი საქართველოში ისლამისტების მხრიდან რაიმე საფრთხეზე საუბარს ირონიულად უყურებს.

ირაკლი სესიაშვილი: "ამ ყველაფერს პირდაპირი კუთხით არ უნდა შევხედოთ. ეს ყველაფერი პირდაპირი ფორმით არ უნდა გავიგოთ. წმინდა ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს და მსგავსი ტიპის რუკები და წარმოდგენები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომ მოსახლეობაზე ზემოქმედება მოახდინონ. მე მგონი, 21-ე საუკუნეში ეს რომ არარეალისტურია, ამას ყველა ხვდება.

"ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს შესაბამისი ხედვა, მოქმედების გეგმები და კონტრზომები. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ამაზე მუდმივად მუშაობს. სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის გარკვეული შიში მესმის იმაზე, რომ იქ რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეა, იქ სეპარატიზმი თუ რელიგიური რისკებია. მინდა ჩემი მოსახლეობა დავამშვიდო - ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ყველაზე კარგად არის მომზადებული, ვიდრე აქამდე ყოფილა. ყველა მიმართულებით ვფლობთ ინფორმაციას და შესაბამის ზომებს ვახორციელებთ. ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. გთხოვთ, ამ თემებს ფრთხილად მოეკიდოთ. პანიკის საფუძველი არ არის," - ამბობს სესიაშვილი.

ცნობისათვის, ისის-ის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც შარიათის კანონები უნდა დაწესდეს, საქართველოს გარდა, შესულია კავკასია მთლიანად, როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთ კავკასია, ასევე მთელი წინა და შუა აზია, მათ შორის თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკა, ბალკანეთი, ყირიმის ნახევარკუნძული, ესპანეთი და პორტუგალია.

ასეთ გეგმებს ისის-ის პოლიტიკური და იდეოლოგიური კონკურენტი, ალ-ყაიდა ჯერ კიდევ 1990-იანებიდან ამუშავებდა, თუმცა, ტერორიზმისგან განსხვავებით, საბრძოლო მოქმედებებში დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა. ისის-მა კი, გარდა იმისა, რომ სირიის დაახლოებით მესამედი აიღო, ამას ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაყოლა და სასტიკი მარცხი აწვნია ამერიკელების მიერ მომზადებულ და აღჭურვილ ერაყის არმიას.

ისის-მა ერაყსა და სირიაში, კერძოდ კი მის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გამოაცხადა ისლამური ხალიფატი და მთავარ ხალიფად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დანიშნა, რომელმაც ტიტული "ხალიფა იბრაჰიმი" მიიღო. ორგანიზაციის მიზანია ერაყში შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა, რომლის ტერიტორიაშიც სირიის ნაწილიც უნდა შევიდეს.

ტერორისტული ორგანიზაცია "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო", რომელიც აჯანყებული ერაყელი სუნიტების მთავარი თავშესაფერია, 2006 წელს შეიქმნა, როგორც ერაყსა და სირიაში ალ-ყაიდას ერთგვარი ფილიალი. ამ ორგანიზაციის სირიული ფრთის სამხედრო მეთაურია პანკისელი ქისტი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჯგუფებაში 10-იდან 15 ათასამდე კარგად გაწვრთინილი და შეიარაღებული პირია. მათი მთავარი დაფინანსების წყაროდ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ითვლება, მათ შორის საუდის არაბეთი, ქუვეითი და ასევე მსხვილ მენავთობეთა ჯგუფები.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყში აჯანყება ივნისის დასაწყისში დაიწყო და რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი აიღო, მათ შორის 2-მილიონიანი მოსული. მათი საბოლოო სამიზნე ბაღდადია. ისინი ერაყის დედაქალაქს დასავლეთიდან 30, ჩრდილოეთდან კი 50-60 კილომეტრით მიუახლოვდნენ.

მსოფლიო თანამეგობრობას საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფორმით ებრძოლოს ახალ ისმაურ საფრთხეს. საუბარია იმაზეა, რომ აშშ-მ ერაყის მთავრობას საჰაერო წერტილოვანი დარტყმებით აღმოუჩინოს დახმარება.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც და ამის ნათელ მაგალითს ჩვენ იგივე ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ.

"შესაძლოა, ისლამისტური საფრთხე გაფართოვდეს. სირიასა და ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იგივე შეიძლება მოხდეს ავღანეთში. დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. საქართველოს სამხედრო დოქტრინაში ისლამისტური ექსტრემიზმის საფრთხე პრიორიტეტი არ არის და ასე დაკონკრეტებული არც არის, თუმცა ტერორიზმის საფრთხე აღნიშნულია. ყველა სახელმწიფო ხვდება, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საშიშროებაა. საერთაშორისო ორგანიზაციები ასე თუ ისე ებრძვიან ტერორიზმს, რამდენად წარმატებულია ეს ბრძოლა, ეს სხვა საკითხია," - აცხადებს ალადაშვილი.

მისი თქმით, "საუბარია იმაზე, რომ ისის-ის უკან საუდის არაბეთის სპეცსამსახურები დგანან, რადგან საუდის არაბეთს და მის მეზობელ ქვეყნებს არანაირად არ აძლევს ხელს, ერაყში ნავთობის მოპოვება გაიზარდოს. ეს ფასს დაწევს და ისის-ის დახმარებაც მათ ინტერესებში შედის. ამ ორგანიზაციაში პანკისელი ქისტებიც არიან, თუმცა საქართველოს მათი მხრიდან არანაირი საფრთხე არ დაუდგება, თუკი საქართველოს სპეცსამსახურები კარგად იმუშავებენ, მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ, ანალიზს გაუკეთებენ და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად ეცდებიან, ისლამიზმის საფრთხე აიცილონ თავიდან მანამ, სანამ რაიმე სეიოზული მოხდება.

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ერაყში. ისის-ი ჯერ სირიაში იბრძოდა, ახლა ერაყში გააქტიურდნენ და მთავარია, ბაღდადს აიღებენ თუ არა. საოცარი რამ ხდება, მათ წინააღმდეგ ერთიანდება აშშ და ირანის ინტერესები. ასევე სირიის ხელისუფლების, თურქეთის ინტერესები. ამ სახელმწიფოებს კი დიდი სამხედრო ძალები აქვთ და თუ მოინდომებენ, შეუძლიათ ადრე თუ გვიან ეს მოძრაობა გაანადგურონ," - დასძენს ალადაშვილი.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, 90-იან წლებში გამოქვეყნდა პირველი რუკა, რომელიც ისლამური ხალიფატის იდეას ქადაგებდა. ეს იყო არაბული სპეცსამსახურების და ექსტრემისტული ორგანიზაციების ნააზრევი და ამ რუკაზე მაშინაც იყო საქართველო და კავკასია, ამიტომაც საფრთხე არსებობს.

"მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან გამოვიდა, ეს განწყობა მაშინ გაჩნდა და ამ ბოლო წლების განმავლობაში ამ გეგმის რეალიზაცია მიდის. ამ ომმა დატოვა დაშლილი საბჭოთა კავშირი და, მეორე მხრივ, კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული მოჯაჰედების უზარმაზარი არმია, რომელთაც მიმართულება და პატრონი სჭირდებოდათ. ასეთი პატრონი გამოჩნდა ისლამური ხალიფატი და საუდის არაბეთის სპეცსამსახურები. ლიდერებიც გამოჩნდნენ, როგორიც იყო ალ-ქაიდას ლიდერი ბინ ლადენი, მისი მოადგილე აიმან ალ ზავაჰირი და სხვა. 90-იან წლებში დაიწყო პოლიტიკური ისლამის გავრცელება კავკასიაში და პირველი, ვინც ადგილობრივი ისლამისტური ძალების მობილიზაციისათვის ჩამოვიდა, სწორედ ალ-ზავაჰირი იყო. ის განათლებით ექიმია და ექიმის საფარქვეშ ჩამოვიდა. მათი იდეოლოგია ორიენტირებული იყო ისლამური ხალიფატის შექმნაზე და პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, იმ სანავთობო ცენტრების კონტროლირება, რომელიც ამ სივრცეშია", - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, ჩანს, რომ ამ იდეის ავტორები ნაბიჯ-ნაბიჯ მისი განხორციელებისაკენ მიდიოდნენ: კავკასიაში ვაჰაბიზმის გავრცელება; მოვლენები ერაყში, სირიაში და ზოგიერთ სხვა ადგილას; ის, რომ თურქეთის ერთიანობას საფრთხე შეექმნა; ის, რომ გაძლიერდა არაბული გავლენა წინა აზიაში, ირანი პრაქტიკულად მარტოა არაბული სამყაროს წინაშე, რომლის იარაღია პოლიტიკური ისლამი.

"ყველაფერ ამ ფონზე საქართველოსაც ემუქრება გარკვეული ხიფათი და საქართველო ჩართული უნდა იყოს არა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, არამედ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლა ჰქვია. რუსეთის ხელისუფლების უგუნურობა იმაშია, რომ მის ტერიტორიაზე ძალიან გაძლიერებულ პოლიტიკურ ისლამს კი არ ებრძვის, არამედ საქართველოს და უკრაინას. პოლიტიკური ისლამი არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ განსაკუთრებით თათარსტანშია გაძლიერებული და სირიაშიც ძალიან ბევრი ყაზანელი თათარი ომობს," - აღნიშნავს არეშიძე.

აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ისლამს, ვაჰაბიზმს პანკისთან ერთად ქვემო ქართლიც შეემატა.

მამუკა არეშიძე: "ქვემო ქართლში შიიზმს, სუნიზმსა და ვაჰაბიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მათ უკან კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკური ძალები დგანან. როგორც კი ერთ-ერთი გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოსთვის შავი დღე დაიწყება. ჩვენი სპეცსამსახურები ამასთან მიმართებაში რას აკეთებენ, ვერ გეტყვით. ისინი ამ პრობლემის დაკონსერვებაზე და არა ამოძირკვაზე მუშაობენ. მომდის ხმები, რომ ზოგიერთი სპეცსამსახურის წარმომადგენელი კორუფციაშია ჩართული და ამ ისლამისტებისათვის უცხოეთიდან შემოგზავნილ ფულს მათთან ერთად ინაწილებენ. პანკისის ახალგაზრდობის 90% ვაჰაბიტია. მათ ახლა ქვემო ქართლიც დაემატა. პოლიტიკური ისლამი თბილისშიც კი არის, ფონიჭალაში უზარმაზარ მეჩეთს სწორედ ისინი აშენებდნენ. შეიძლება 200 კაცი არ არის, მაგრამ საკმაო რაოდენობაა იმისთვის, რომ პრობლემები შექმნას. განგაშის ზარს ისევ აზერბაიჯანელი შიიტები ქმნიან, ისინი დარბიან და გვეუბნებიან, ამ ამბავს მიხედეთო, მაგრამ მიხედვას იმ ფორმით ვერ ვხედავ, როგორც საქმისთივსაა საჭირო. იორმუღალოში კაცი რომ მოკლეს ქორწილში, ვაჰაბიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ეს. ეს სერიოზული თემებია და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. ფულის ნაკადები უნდა შეწყდეს და იმ ისლამისტური ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა უნდა აღიკვეთოს ისე, როგორც ამას ჰეიდარ ალიევი აკეთებდა. აჭარაშიც შეინიშნება პოლიტიკური ისლამის გააქტიურება. დაკაევის დაკავება ნუ დაგავიწყდებათ. 10 კაცამდე ეთნიკური ქართველი იბრძვის სირიაში, ერთი მათგანი შარშან ჩამოასვენეს. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისის-ის, ისლამური ხალიფატის სამხედრო მართვა ჩვენმა მოქალაქემ, პანკისელმა აიღო ხელში".

არეშიძე მიიჩნევს, რომ კავკასიაში სერიოზულად ფეხს იკიდებს პოლიტიკური ისლამი, "კავკასიის იმარატის" მთელი ხელმძღვანელობა ვაჰაბიტმა დაღესტნელებმა ჩაიგდეს ხელში და ამიტომაც ამ პროცესს სერიოზული ანალიზი სჭირდება.

"საქართველოს საზღვრებთან არის ერთი მხრივ ჩრდილოეთ კავკასია და მეორე მხრივ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანში სწორედ კახისა და ზაქათალას რაიონებში არიან ვაჰაბიტები მომრავლებულნი. თურქეთშიც არის ფუნდამენტური ისლამი, მაგრამ იქ ამას პოლიტიკური ფორმა არ მიუღია, მათ სხვა პრობლემები აქვთ ქურთისტანთან დაკავშირებით... თუ ჩვენ გარკვეულ ძალებთან კონსოლიდირებულები არ ვიქნებით, პოლიტიკურ ისლამთან დავმარცხდებით. თუმცა ჩვენამდე სერიოზული პროცესებია გასავლელი. პოლიტიკური ისლამის მეშვეობით გეოპოლიტიკური ცვლილებების საფრთხეა და ეს საქართველოში ახალი პრობლემების მოტანას ნიშნავს," - დასძენს არეშიძე.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

"სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო" - ირაკლი ოქრუაშვილი