მიხეილ სააკაშვილი - ეს ყველაფერი მათ ცუდად დაუმთავრდებათ

მიხეილ სააკაშვილი - ეს ყველაფერი მათ ცუდად დაუმთავრდებათ

ეს ყველაფერი ცუდად დაუმთავრდებათ მათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სააკაშვილმა თანაგუნდელებთან შეხვედრაზე გიგი უგულავას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და პარტიის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"თქვენ იცით, რომ აქ იგეგმებოდა გიგი უგულავას შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან. გუშინ ჩვენთან ერთად იყო კიევის ახლად არჩეული მერი ვიტალი კლიჩკო. ასევე კიშინოვში არის ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი და ამ შეკრებაზე ჯერ ერთი მოტივით და მერე მეორე მოტივით უგულავა არ გამოუშვეს, ისევე, როგორც მურთაზ ზოდელავა უნდა ჩამოსულიყო აქ, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სამოქალაქო მოსამსახურე, რომელიც ჩვენ გვყავდა და ასევე სრულიად მოგონილი საბაბით. ის შეაჩერეს და არ მისცეს ჩვენთან ჩამოსვლის საშუალება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

აქვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აზერბაიჯანში, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით შექმნილ საკითხსაც გამოეხმაურა.

"თქვენ ნახეთ წინა დღეებში ის ინსინუაციები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს დეპუტატებს აზერბაიჯანში და ძალიან უცნაურმა მოქმედებებმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ძალიან ბევრის, მათ შორის ჩვენი მეგობრების და პარტნიორების. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენთვის, ყველასთვის სავალალოდ საქართველო გამოიყურება ცუდად და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე არავინ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია აღარ მოქმედებს. პოლიტიკური პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, კანონის ზემოთ არავინ არ დგას და არ ვიდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით ყველგან არის ძალიან მოკლევადიანი და ყველგან მთავრდება ძალიან ცუდად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი გაივლის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ცუდად დაუმთავრდება მათ, ვინც ამას აკეთებს.

"მაგრამ მე არ მინდა იმათ ცუდად დამთავრებას ქვეყნის ინტერესები გადაყვეს და ქვეყანას წაუვიდეს საქმე ცუდად. ჩვენ არ გვჭირდება ახლა საქართველოში ექსცესები და არ გვჭირდება შემდგომი გართულებები, ისედაც რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო ბევრი გარემოების გამო. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები და ძალიან მობილიზებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მარტო ეს მანიპულატორები და ასეთი ქმედებების მთავარი დამგეგმავი და მისი შემსრულებელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას საქართველოდან წასვლისა და სხვაგან დარჩენის სურვილი არ ჰქონია.

"გიგი დადიოდა წინ და უკან, ხვდებოდა ხალხს, ვიცი ზუსტად, არასოდეს გასჩენია სურვილიც კი სადმე დარჩენის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ასეთი დაკავებით პოლიტიკური პროცესი ჩაიშლება, არჩევნებში რაღაც გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება და სხვანაირად მიიღებს გადაწყვეტილებას, ან თუნდაც ერთ ადამიანზე, გიგიზე ან ჩემზე დგას ეს დიდი იდეა და ეს დიდი მოძრაობა, მე ვფიქრობ ეს ძალიან არასწრორი აზროვნებაა. ეს ბევრად უფრო დიდი იდეაა. საქართველოს წინსვლის და განვითარების იდეას ვერანაირი მანიპულაციები ვერ შეაჩერებს და ამაში ყველა დარწმუნდება ძალიან მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა მათი მხრიდანაც რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას, ვინც ამას აკეთებს, მით უფრო კარგი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა