მშობიარეს გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, საკითხის გარკვევაში ჩაერთვება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და კონკრეტული დასკვნებიც გაკეთდება. მინისტრის მოადგილის თქმით, თუ გამოიკვეთება ექიმის ბრალეულობა, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ლევან გორგილაძის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტის ისტორიაში დაფიქსირებულია წარსულში მკვდრადშობადობის ორი შემთხვევა. "ძალიან სამწუხარო ფაქტია. მშობიარე გუშინ საღამოს შევიდა საავადმყოფოში. მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა, წარსულშიც მკვდრადშობადობის ორი შემთხვევით. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ნაყოფი ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი. ჩატარდა მშობიარობა, შემდეგ კი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ იქნება გარკვეული კონკრეტული მიზეზები. თუ გამოიკვეთა ექიმის უყურადღებობა ან რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის შორენა დევაძე მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ოჯახის ინფორმაციით, მშობიარე ქალი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რამდენიმე საათში კი დედაც დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე მინდია ზოიძე აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანისთანავე ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ იყო.