როგორ ემშვიდობებიან მსოფლიო დონის პოლიტიკოსები ედუარდ შევარდნაძეს

როგორ ემშვიდობებიან მსოფლიო დონის პოლიტიკოსები ედუარდ შევარდნაძეს

ჯონ კერი, რიჩარდ ნორლანდი, კოლინ პაუელი, ვლადიმერ პუტინი... ეს იმ მსოფლიო დონის პოლიტიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტს სამძიმრის წერილი მიუძღვნეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. როგორც ჯონ ქერის განცხადებაშია აღნიშნული, 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრობისას, ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცთან ერთად, წამყვანი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში.

"ედუარდ შევარდნაძემ შეამცირა ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებისთვის ახალი სულის ჩადგმით. მან უარი თქვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, როდესაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. ედუარდ შევარდნაძე თავად იყო საბჭოთა კავშირში რეფორმების მხარდამჭერი", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ამასთან, ჯონ ქერის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ შეინარჩუნა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძე უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

კოლინ პაუელის განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ სასიცოცხლო როლი ითმაშა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში.

"მწუხარებას გამოვთქვამ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. მე და ედუარდ შევარდნაძე კოლეგები და მეგობრები გავხდით საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ხანებში, როდესაც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის შეფი ვიყავი ჯორჯ ბუში-უფროსის პერიოდში. მან სასიცოცხლო როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სათანადოდ დააფასა მისი სამსახური და ერთგულება მშვიდობისა და დემოკრატიის წინსვლაში", - წერს კოლინ პაუელი "ფეისბუქზე".

მწუხარება გამოთქვა რიჩარდ ნორლანდმაც. "დამწუხრებული ვარ, ვინაიდან შევარდნაძე გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. დარწმუნებული ვარ, ასევე, რომ ვაშინგტონიდან და სხვა დედაქალაქებიდან იქნება გაკეთებული კომენტარები ამ სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით. მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შევხვედროდი მას. პირველად შევხვდი მაშინ, როდესაც ახალგაზრდა დიპლომატად ვმუშაობდი ამერიკის საელჩოში მოსკოვში, ხოლო იგი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაშინ იყო დრო, როცა ინერგებოდა ახალი პოლიტიკური აზროვნება, ხდებოდა ცვლილებების გატარება და შევარდნაძე ცდილობდა გადმოეცა ეს ცვლილებები. ვთვლი, რომ ცივი ომის მშვიდობიანად დასრულება არის მეტწილად მისი დამსახურებაც. იგი ისტორიაში შევა, როგორც დიდი ადამიანი და როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა