პირდაპირ ეთერში გადახდილი ქელეხი და ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი კომენტარი

პირდაპირ ეთერში გადახდილი ქელეხი და ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი კომენტარი

გუშინ, "კავკასიის" ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრად მიწვეული იყო ყოფილი პარლამენტარი, ვახტანგ რჩეულიშვილი. გადაცემაში ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე უნდა ესაუბრა, ამიტომ სტუდიაში სიმბოლურად, ერთი ბოთლი კახური ღვინით (საკუთარი ვენახიდან) და "დედას პურით" გამოცხადდა... ბატონმა ვახტანგმა პირდაპირ ეთერში ექს-პრეზიდენტს ქელეხი გადაუხადა...

Ambebi.ge ვახტანგ რჩეულიშვილს ამ ფაქტთან დაკავშირებით შეეხმიანა.

- გუშინდელმა თქვენმა "კავკასიაში" სტუმრობამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. არ გეგონათ, რომ შევარდნაძის შესანდობარის შესმას პირდაპირ ეთერში ყველა ვერ გაგიებდათ?

- ედუარდ შევარდნაძის გარდაცვლებამ ჩემზე და მაიაზე ძალიან იმოქმედა. მის დროს მოვედი პოლიტიკაში და მასთან ერთად დავტოვე პოლიტიკა. ბატონ ედუარდთან ვმეგობრობდით მეც და განსაკუთრებით, მაია. არ მესიამოვნა ზვიადისტების ჯგუფის წივილ-კივილი გარდაცვლილის სახლის წინ. კარგი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასება, მაგრამ მე ედუარდ შევარდნაძის გახსენება მინდოდა არა პოლიტიკურ, არამედ ადამიანურ სიბრტყეში: მისი ადამიანური თვისებების - სიბრძნის, სიმამაცის, ოჯახისა და მეგობრების სიყვარულის... ერთი სიტყვით, - ბაბუს გახსენება მომინდა და ამისათვის მოვძებნე ყველაზე შესატყვისი ფორმა, რაც ქართულ ტრადიციებში ეწერება, - პირდაპირ ეთერში მისი სულის მოსაგონარი შევსვი.

ქართველები სუფრის უნიკალური ტრადიციებით გამოვირჩევით. ხშირად მიქეიფია პოლიტიკურად ყველაზე დაპირისპირებულ ოპონენტებთან. სუფრასთან ადვილად ვივიწყებდით პოლიტიკას და ერთმანეთს საქრთველოს სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემაში ვეჯიბრებოდით. სწორედ ედუარდ შევარდნაძის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის პერიოდში, ერთ-ერთ ასეთ სუფრაზე პარტიის ლიდერებთან ერთად მოვხვდი, ელჩებიც მოვიწვიე (მაშინ საქართველოში სულ რამდენიმე საელჩო იყო - რუსეთის, აშშ-ის, საბერძნეთის, თურქეთის, ისრაელის, რუმინეთის), რომ დაინახეს, ერთად როგორ ვქეიფობდით, მე, რუსუდან ბერიძე, გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი, ზურაბ ჟვანია, კაკო ასათიანი და სხვები, გვითხრეს, - პარლამენტში თქვენი ყოველი ჩხუბისას ჩემოდნებს ვალაგებთ, - არიქა, სამოქალაქო ომი იწყება. თუ ერთად ქეიფი შეგეძლოთ, რას წარმოვიდგენდითო! აი, რა მიზანს ისახავდა გუშინდელი ჩემი საჯარო შესანდობარი-სადღეგრძელო - ღირსეულად გაგვეცილებინა ბაბუ! ქალი ამ შემთხვევაში მანდილს ჩააგდებდა, კაცი - ღვინის ჭიქას აწევს.

- იმავეს თუ გააკეთებდით სხვა ტელევიზიების შოუებში? ჩემი ვარაუდით, ამისვის სტიმული აქუბარდიას ტლევიზიის ფორმატმა მოგცათ...

- ცხადია, ასე გამომშვიდობების საშუალებას დათო აქუბარდია მეტად მომცემდა, ვიდრე სხვა ტელევიზია. გავაკეთე ის, რომ სიკვდილის შემდეგ მაინც, ედუარდ შევარდნაძეს საჯაროდ მოვეფერე. ლანძღვას რომ არ დააკლებენ, ესეც ვიცი, მაგრამ ადამიანზე კარგის თქმა რატომღაც გვიჭირს ხოლმე - ამაში ჭიქა ღვინო დამეხმარა!

ბევრი შემომიერთდა. შევარდნაძე მსოფლიო მასშტაბის პილიტიკოსი და ფიგურა იყო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, სადაც არის... ისტორია და დრო ყველას თავის დროზე განსჯის.

დღეს თავად უყურე გადაცემის ჩანაწერს და მომეწონა. მაიამ კი მითხრა: ჩემთვის მაინც გეთქვა, ამას თუ აპირებდი, ღვინოს წესიერ ბოთლში მაინც გაგატანდიო!

- შემთხვევით სტუდიაში ნასვამი ხომ არ მისულხართ?

- გუშინ დღის სამი საათიდან ვიხსენებდით მე და მაია ედუარდს თელავში, ცხადია ღვინით და პატარა ჭიქით. მერე გზაში გამოვფხიზლდი. თუ გახსოვთ, სტუდიაშიც ვთქვი, რომ შესანდობარი სულაც არ არის აუცილებელი, დიდი ჭიქით და ბოლომდე შესვა. მთავარია მოსვა, ახსენო გარდაცვლილი და პურის ნაჭერზე დაუსხა ღვინო. ეს უწმინდესმა მასწავლა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/47572-ghvino-puri-da-shevardnadzis-mosagonari-aqubardias-gadacemashi.html

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა