რვაწლიანი ლოდინის შემდეგ ოტოლაძეების ოჯახში ოთხი ტყუპი დაიბადა. გიორგი, ნინო, ბარბარე და მარიამი საკეისრო კვეთის გზით მოევლინენ და ამ დროისთვის სამედიცინო კლინიკის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. შეუძლოდ არის ტყუპების დედა ნათია ძნელაძეც.
ოტოლაძეები ბათუმთან ახლოს, კახაბერში ცხოვრობენ. Ambebi.ge ახალშობილების მამას და მამიდას გაესაუბრა.
მამუკა ოტოლაძე - ტყუპების მამა
- მიხარია, რომ შემეძინა შვილები, მაგრამ მეუღლე ძალიან მძიმედ არის და ამ სიხარულს ბოლომდე ვერ ვზეიმობ. რვა წელი არ გვყავდა შვილი, მეუღლეც მკურნალობდა და მეც. მკურნალობამ, რწმენამ, ლოცვამ გამოიღო შედეგი და შეგვეძინა ოთხი ბავშვი.
მონათლულები ვართ, ჯვარდაწერილები, იმისთვის, რომ ვილოცოთ და ბავშვებიც და დედაც გადარჩნენ, გადავწყვიტეთ მოგვენათლა ბავშვები. ტყუპები წუხელ ღამე მოვნათლეთ.
ციცინო ოტოლაძე - ტყუპების მამიდა
- ჩემი რძალი მესამე თვეში იყო, როდესაც გავიგეთ, რომ ოთხ ტყუპს ელოდებოდა. ვიცოდით, რომ რთული მდგომარეობა იქნებოდა. როგორც მისმა ორგანიზმა მოგვცა საშუალება, დაველოდეთ. შვიდ თვეს ერთი კვირა აკლდა და გავუკეთეთ ოპერაცია, მეტის მოცდა უკვე აღარ შეიძლეობდა. ბავშვები დედაზე უკეთესად არიან და იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება.
სიტყვა მაქვს ნათქვამი, სანამ რძალს არ დაველაპარაკები და უკეთ არ იქნება, მანამდე ბავშვებს არ ვნახავ მეთქი და ჯერ არ მინახავს ძმისშვილები. ექიმები ძალიან კარგები არიან, თავზე გვადგას ყველა და მადლიერი ვართ.
ჯუმბერ უნგიაძე - "მედინას" დირექტორი
- ოთხი ტყუპი გუშინ დაიბადა საკეისრო კვეთის გზით. ვინაიდან დედის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მის სიცოცხლეს საშიშროება ემუქრებოდა, ამიტომ გაკეთდა საკეისრო კვეთა. დღესდღეობით დედა ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, ჩვილები კი ახალშობილთა რეანიმაციაში. ჯერჯერობით მძიმეა სიტუაცია, მაგრამ სტაბილური. ჩვილები იწონიან 600-დან 900 გრამამდე, მათგან სამი გოგოა და ერთი ბიჭი.
ჩვილები მინიმუმ 7 კვირის განმავლობაში საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნას და ექიმების მეთვალყურეობას.
ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge
ბათუმი