ელექტროენერგიის მიწოდება დროებით 8 ათას აბონენტს შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია "თელასი" დღეს განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა "თბილისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მაღალი წნევის 600 მმ-იან წყალსადენი მილი, რის გამოც შეფერხებულია დიდუბის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება.
"აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ზონაში გადის კომპანია "თელასის" 35 კვტ-იანი მაღალი ძაბვის სადენები, რომელთა საშუალებით მაღალი ძაბვის ქვესადგური "დინამოს" ელექტრომომარაგება ხორციელდება. ავარიული სამუშაოების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ზემოთ აღნიშნული სადენების გამორთვა. ამის გამო, დღეს, 9 ივლისის 13.00 საათიდან 20.00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება 8000 აბონენტს, მათ შორის, რკინიგზის დეპარტამენტს, თოდუას სახელობის საავადმყოფოს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს", _ ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.