ნარმანია VS მელია - მერობის კანდიდატების მთავარი მესიჯები დებატებზე

ნარმანია VS მელია - მერობის კანდიდატების მთავარი მესიჯები დებატებზე

თბილისის მერობის კანდიდატებს, დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები გაიმართა. კანდიდატები ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდენ. დებატები ერთ საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

დებატების მიმდინარეობისას დავით ნარმანიამ სოციალურ საკითხებზე ისაუბრა. ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომუნალური ვაუჩერების პროგრამა გაორმაგდება და ნაცვლად 250 ლარისა, 500 ლარი იქნება.

მისი თქმით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. ნარმანიას თქმით, მერსა და გამგებლებს მოქალაქეთა მიღების დღეები ექნებათ, სადაც მოისმენენ მათ პრობლემებს. ნარმანიამ დღევანდელ დებატებზე საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისი გახდება რეგიონული კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ამის შედეგად გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ჩვენ 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. თბილისში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები. თბილისი გახდება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი, რისთვისაც აშენდება ახალგაზრდული ცენტრის შენობა. ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, რომლებსაც მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ. ჩვენ გავაორმაგებთ კომუნალური ვაუჩერების პროგრამას და ნაცვლად 250 ლარისა, ისინი 500 ლარს მიიღებენ. სოციალურად დაუცველი ადამიანები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ჩვენ ვიზრუნებთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისთვის და ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახი მიიღებს 500 ლარის, მეოთხეზე 1000 ლარს და მეხუთეზე და უფრო მეტზე მიიღებენ 1500 ლარიან შემწეობას. იმ კატეგორიის ადამიანებზე ვიზრუნებთ, რომლებიც საჭიროებენ დამატებით მედიკამენტებს, ოპერაციებს, სამედიცინო შემოწმებებს და ა.შ. თბილისი გახდება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი", - აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის  კომპანია "სითი პარკის" მუშაობით უკმაყოფილოა და  მისი მერობის შემთხვევაში ამ კომპანიასთან არსებულ ხელშეკრულებაში კორექტირება მოხდება.

"არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორც საქმიანობს ეს კომპანია. შეიძლება გადახედვა ამ კომპანის საქმიანობის. ვფიქრობ, ავტომობილები საჯარიმო სადგომზე არ უნდა გადაჰყავდეთ, რაც მოქალაქეებისთვის დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ხელშეკრულების გაწყვეტით სახელმწიფოს მიადგება დიდი ზიანი. ჩემი მერობის შემთხვევაში კორექტირება ხელშეკრულებაში შეტანილი იქნება", - აღნიშნა მელიამ.

გარდა ამისა, მელიამ გიგი უგულავას დაკავებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დაკავება ნარმანიასთვის მეტი ხელსაყრელი პირობების შექმნას ემსახურება.

"ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თბილისის ბედი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ეს არის არჩევნები, სადაც არჩევანი იქნება გასაკეთებელი მოძრაობასა და უმოძრაობას შორის, არჩევანი დამატებითი სამუშაო ადგლების სასარგებლოდ ან დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვის სასარგებლოდ, არჩევანი პენსიების გასაზრდელად ან პირიქით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად ვიცოდეთ, რომ დედაქალაქში განვითარდა ისეთი მოვლენები, რომელსაც მე ვიმედოვნებდი, რომ არ განვითარდებოდა. დაკავებულია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. ეს ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზეზს, რომ დავით ნარმანიასთვის მეტი ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო", - აღნიშნა მელიამ.

გარდა ამისა, მელია დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანიას დამოუკიდებლობის ხარისხი ნულს ზემოთ არ იქნება.

მელიამ  "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებული მემორანდუმი იყო სურვილების მემორანდუმი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა.  მელია მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, წარმოუდგენელია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამაც. მისი თქმით, მისი მერობის პერიოდში რამდენიმე ათეული "ხრუშჩოვკის" ჩანაცვლება მოხდება.

გარდა ამისა, ნარმანიამ არ გამორიცხა, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს.

დებატებზე "ტაბულას" ჟურნალისტმა დავით ნარმანიას ჰკითხა, ხომ არ აპირებს ისიც ხასიათის ცვლილებას, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მის კიდევ ერთ ფავორიტზე, გიორგი მარგველაშვილზე, მას შემდეც, რაც პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ ხასიათი შეეცვალა.

"მე რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ვიყო, ვიტყოდი რომ ვარ მისი მეგობარი და ამას არ მოვერიდებოდი. ბიძინა ივანიშვილმა ახლა შეიძლება დაგირეკოთ და გითხრათ, რომ იდგეთ ღამის 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც დგახართ. სანამ არ გადმოგირეკავთ, თქვენ იდგებით 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც გეტყვით", - განაცხადა მელიამ.

ნარმანიას თქმით კი, ეს კითხვა სასაცილო და ღიმილისმომგვრელია. "სასაცილო და ღიმილისმომგვრელი კითხვაა. ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიციის ლიდერი და სწორედ მის კომპეტენციაში შედიოდა დაესახელებინა მერის კანდიდატურა. ეს არის სასაცილო კითხვა", - აღნიშნა ნარმანიამ.

ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა