ლადო გოგოლაძე აგრძელებს სტატიების ციკლს Ambebi.ge-ს მკითხველისთვის, რომელშიც ავტორი ქართველი თაღლითი ქალების შესახებ მოგითხრობთ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბებოს, რომლის თაღლითობამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ამჯერად ის მოგითხრობთ ქალბატონზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში "ჩაწყობის ტექნოლოგიებს" ფლობდა.
80-90- იან წლებში უმაღლეს სასწავლებელში "ჩაწყობით" ჩაბარება არავისთვის იყო უცხო. ნინო გელაშვილი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც "საჭირო ხალხის" დახმარებით აბიტურიენტებს სწავლის საშუალებას აძლევდა, თუმცა ნინო სხვებისგან განსხვავებით "საჭირო ხალხს" არ იცნობდა. უმჯობესია თვითონ მას მოვუსმინოთ:
- 1991 წელს სამსახურიდან გამომიშვეს, მალე ჩემი მეუღლეც უმუშევარი დარჩა. სოფლიდან მეხმარებოდნენ ჩემი ნათესავები და ამით გაგვქონდა თავი. ერთ დღეს ჩემი მეზობელი შემოვიდა ჩემთან, რომლის ქმარი რუსეთში იყო წასული და შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა. საუბარში თქვა, რომ ჩემი გოგო მინდა მოვაწყო წელს, მაგრამ ვერავინ ვნახე, არადა ფულზე უკან არ დავიხევო. იქნებ შენ გეგულებოდეს ვინმეო. მაშინ მომივიდა აზრად, რომ ამ საქმით ფულის შოვნა შეიძლებოდა. წავედი, მივდექი-მოვდექი და ვნახე ერთი ლექტორი, რომელიც თანახმა იყო გარკვეული თანხის საფასურად ეს ბავშვი მოეწყო. მოკლედ, ამ საქმიდან 100 დოლარი დამრჩა, რაც იმ დროს საკმაოდ კარგი ფული იყო.
- თუმც ამაში არაფერია განსაკუთრებული, ამას ბევრი აკეთებდა
- ამ ქალმა მერე სხვაგანაც თქვა, რომ მე მოვუწყე შვილი და ბევრმა გაიგო, რომ ხალხს ვაწყობდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთმა ფული მომცა, მაგრამ ე.წ. "საჭირო კაცი" ვერ ვნახე და ეს ბავშვი თავისი ცოდნით გავიდა გამოცდაზე, მოხდა სასწაული და ჩააბარა. შესაბამისად, ის მთელი ფული მე დამრჩა. ამის მერე გადავწყვიტე, რომ არავინ არ მენახა და თუ ჩააბარებდნენ, ხომ კარგი, თუ არადა ნათქვამი მქონდა, რომ ჩაჭრის შემთხვევაში, უკან ვუბრუნებდი ფულს და ასეც ვიქცეოდი. ათიდან სამი ყოველთვის აბარებდა, რაც საკმაოდ კარგი თანხა გამოდიოდა და რაც მთავარია, პატიოსანი ქალის სახელი მქონდა.
- თუმცა პოლიციამ მაინც ამოგიღოთ მიზანში
- საკმაოდ ბევრი ადამიანი მთხოვდა დახმარებას. პატარა რაიონიდან ვარ და უცებ გამივარდა სახელი. ერთ დღესაც პოლიციის უფროსი მოვიდა და მითხრა, თითო საქმიდან 100 დოლარი უნდა მომცეო, მე ოღონდ მეტი დამრჩენოდა და არავის არ ვეუბნებოდი და იმ პოლიციელს მივცემდი ფულს?! ჰოდა არა-მეთქი ვუთხარი. განანებო, მითხრა და წავიდა. მართლაც ცოტა ხანში დამაპატიმრეს თაღლითობის ბრალდებით. ბრალად მედებოდა უკანონო გზით ფულის დაუფლება და ხალხის მოტყუება.
- თუმცა პოლიციამ ერთი მომჩივანიც ვერ ნახა, არა?
- კი ზუსტად ეგრე იყო, რადგან ვინც აბარებდა, ის თანახმა იყო ფულის გადახდაზე და რატომ მიჩივლებდა?! თან თუ იტყოდა, კი მივეცი, რომ ჩაეწყოო, ასე თუ ისე საქმის მონაწილე გამოდიოდა და შარი უნდა ვინმეს?! ხოლო ვინც ვერ აბარებდა, იმათ პატიოსნად ვუბრუნებდი ფულს და პირიქით, მადლობას მიხდიდნენ, რა სიტყვის ქალი ყოფილხარო. მოსამართლემ ერთი მომჩივანი მაინც მაჩვენეთ, რომ რამე მივუსაჯოო და დარბაზიდან გამათავისუფლეს. მერე იგივე გავაგრძელე. თუმცა მალე "ვარდების რევოლუცია" მოხდა და ჩემი ჩაწყობა აღარავის სჭირდება. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში იმდენი ვიშოვე, რომ მცირე ბიზნესი წამოვიწყე. პურის ფული არ მიჭირს და მილიონერი არასოდეს ვყოფილვარ, იმას რომ მივტირო. ისე ფაქტია, ერთადერთი თაღლითი ვარ, ვისაც ყველა ემადლიერება.
ლადო გოგოლაძე