"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ზე ნაძალადევის მე-10 საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევის შესახებ წერს. დეპუტატი ირწმუნება, რომ დაფიქსირდა დარღვევა, რასაც ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ავრცელებს იმ პირების ფოტოებსაც, რომლებიც, მისი თქმით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
"ამ ადამიანებმა ნაძალადევის მე-10 უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი, რადგან მან აღმოაჩინა საეჭვო სიები და ქალბატონი, რომელიც ამბობდა, ფული მაქვს, თავი დამანებეთო. ერთ-ერთმა მათგანმა ხელიც დაარტყა.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინც ნაძალადევში 20 კაცს მიიყვანს პირდებიან 100 ლარს.
ეს დამკვირვებელი გადაიყვანეს პოლიციაში, რადგან ამ ქალბატონებმა დააბრალეს, რომ ნასვამი იყო. ალკოტესტის მიხედვით აღმოაჩნდა 0,000% ალკოჰოლი.
შედეგი, 2 საათია დამკვირვებელი ჩამოაშორეს უბანს, ამ ქალბატონებზე საჩივარი კი კომისიამ არ ჩაიბარა", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ცესკო-ს საზოგადოებასთნ ურთიერთობის მენეჯერი, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ნაძალადევის ოლქის წარმომადგენელი არკვევს მე-10 უბანთან დაკავშირებულ ინფორმაციას. როგორც მან აღნიშნა, ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები. მისივე თქმით, რა მოხდა უბნის გარეთ კომისიისთვის ცნობილი არ არის. აზარაშვილის თქმით, კონკრეტულად რა მოხდა, ოლქის წარმომადგენელი შეისწავლის და ცესკო-ში მომდევნო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.