თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოცხადების შედეგ გააკეთა.
"მინდა მივულოცო კოლეგებს, რომლებმაც გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც განსაკუთრებულად იაქტურა და დაგვიჭია მხარი – არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს გუნდს და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ჩვენს დედაქალაქს ეკადრება. ჩვენ შევძლებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ამომრჩევლებს დავპირდით. ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. პირველი რამდენიმე დღე იქნება მოსამზადებელი იმისთვის, რომ ძირითადი საკითხები, რაც მერიაში მუშაობის დაწყებასთან და ჩვენი პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, მოვამზადოთ, რათა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური მუშაობა დავიწყოთ. თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს. ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს, თითოეული ჩვენი მოქალაქის სასიკეთიოდ შეიცვლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, პირველივე დღიდან დამტკიცდება მერიაში და გამგეობებში მოქალაქეთა მიღების წესი,
თავად მერიის სისტემა კი სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება.
ნარმანია პირობას დებს , რომ მერიაში მუშაობას ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს, მაგრამ ვერ იმუშავებენ ისინი, ვინც "დატვირთული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით".
"სტრუქტურული ოპტიმიზაცია გულისხმობს ცალკეული მიმართულებით იმ ახალი სამსახურების ფორმირებას, რომელიც ჩვენი პროგრამის რეალიზაციისთვის აუცილებელი იქნება. არ გამოვრიცხავ ცალკეული სამსახურების სახეცვლილებას. რაც შეეხება კადრებს, მუშაობას ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც გაფორმებული იყვნენ სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში, სხვადასხვა უწყებებში და დატვირთული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ასეთი ადამიანების ადგილი თბილისის მერიაში ვერ იქნება. შემიძლია ძალიან მკაცრად ვთქვა – თითოეული ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, როცა გამოცხადდება ვაკანსიები, დაიკავებენ იმ ადგილს, რომელსაც ელოდებიან. დედაქალაქის მერია კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა მართონ და ეს ასეც იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.
ამასთან, ნარმანიას თქმით, უახლოეს დღეებში მერის მოადგილეებისა და გამგებლობის კანდიდატები დასახელდება. ის პირობას დებს, რომ ამ პოზიციაზე პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები შეირჩევიან.