თბილისის მასშტაბით სუიციდის მცდელობების შემთხვევებზე სასწრაფო დახმარების გამოძახება თითქმის ყოველდღე ფიქსირდება. როგორც თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ბრაჭულმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების დროულად მისვლის შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა თითქმის ყოველთვის ხდება.
მისივე თქმით, გამოძახებულ მისამართებზე დაგვიანება იშვიათად ფიქსირდება, რადგან თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადების საკმარისი რაოდენობაა.
ბრაჭული აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მხრიდან სასწრაფოს გამოძახება ხშირად არამიზნობრივად ხდება და საჭიროა ამის დარეგულირება.
- თბილისის მასშტაბით სასწრაფო დახმარების სულ რამდენი ბრიგადა არსებობს და არის თუ არა მათი რაოდენობა საკმარისი თბილისის მოსახლეობისათვის?
- თბილისში ამჟამად არის 80 სამედიცინო ბრიგადა, რომელიც განლაგებულია ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ფილიალებში. სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, არ არსებობს, მაგრამ, თუ ჩავთვლით, რომ მილიონნახევრიანი მოსახლეობაა, ამ შემთხვევაში სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს.
ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვა სტანდარტი, თუ რამდენ მოსახლეზე უნდა იყოს ერთი ბრიგადა. ჩვენი სტანდარტი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში 20 000 მოსახლეზე 1 ბრიგადა არის გათვალისწინებული, ჩვენ შემთხვევაში კი 18 000 მოსახლეზე 1 ბრიგადაა.
- როგორ ხდება გამოძახებების რანგირება? არის თუ არა ხშირი დაგვიანებები მისამართებზე?
- ყველა რეკავს 112-ში და შემდეგ ჩვენ გადმოგვცემენ მისამართს, სადაც უნდა გავაგზავნოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ვცდილობთ, რომ გამოძახებაზე გასვლა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
გამოძახებების რანგირება 112-ში ხდება. თუ სად უნდა გავიდეს პირველ რიგში ბრიგადა, რომელი მისამართით უფრო სასწრაფოა – ამ გადაწყვეტილების მიღება 112-ის პრეროგატივაა, ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.
- ყველაზე ხშირად რა შემთხვევებში იძახებენ სასწრაფო დახმარებას?
- სასწრაფო დახმარება იმ შემთხვევაში უნდა გამოიძახო, თუ ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. მაგალითად, გულის გაჩერება, შოკი, სუნთქვის გაჩერება ან სუნთქვის გაძნელება, ცხელება, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს პაციენტი და სხვა ამგვარი სირთულის ნიშნების შემთხვევაში. ჩვენი გამოძახებების უმრავლესობა კი ამბულატორიული შემთხვევების გამოა.
- იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჩივილები არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და შესაბამისად, სასწრაფო დახმარების გამოძახება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ საჭიროა ექიმის დახმარება, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი?
- ისეთი ჩივილების შემთხვევაში, რომელიც პაციენტის სიცოცხლისთვის არ არის საშიში, ამ დროს სასურველია მივმართოთ ოჯახის ექიმს.
ყველა ადამიანი მიმაგრებულია რომელიღაც პოლიკლინიკას და ჰყავთ თავისი მკურნალი ექიმი. ბევრმა საერთოდ არ იცის ამის შესახებ. სახელმწიფო ბევრ კარგ სერვისს გვთავაზობს უფასოდ, მაგრამ საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია ამის თაობაზე.
- არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოძახება ხდება ერთ და იმავე პაციენტის მიერ და ყველა შემთხვევაში ეს გამოძახება არის არამიზნობრივი?
- არიან ადამიანები, რომლებმაც სახელით და გვარით იციან რომელ დღეს რომელი ექიმი მორიგეობს და ხშირად რეკავენ და ამბობენ, რომ მე მინდა გამოვიძახო კონკრეტულად ესა და ეს ექიმი. ხშირად რეკავენ წნევის და ტემპერატურის გაზომვის მიზნით. არამიზნობრივი გამოძახებები ეს არის სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება.
- თუ ერთსა და იმავე მისამართზე ზედიზედ რამოდენიმეჯერ მოხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება და ყველა ჯერზე არაადეკვატური მიზეზით, ამ შემთხვევაში ბრიგადები გაიგზავნება თუ არა იმდენჯერ, რამდენჯერაც დაფიქსირდება გამოძახება?
- სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ზღუდავს ზარებს. რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ერთი და იმავე პაციენტისგან გამოძახება, თუნდაც ეს იყოს ნახევარსაათიანი თუ ერთ საათიანი ინტერვალით და არამიზნობრივი გამოძახება, ჩვენ ბრიგადას მისამათრზე მაინც ვაგზავნით.
- არის თუ არა სუიციდის მცდელობებზე გამოძახებები?
- სუიციდის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ზოგჯერ 3,4 ან 1 შემთხვევა ფიქსირდება. ყოფილა შემთხვევები თვითმკვლელობის მცდელობის 5 ფაქტზე ყოფილა გამოძახება. ეს არ არის კატასტროფული მაჩვენებელი. შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადები ხშირად ახერხებენ მათი სიცოცხლის გადარჩენას.
- რეანიმაციულ შემთხვევებზე რას გვეტყვით, რა მაჩვენებელია ამ მხრივ?
- წინა თვის განმავლობაში 3 გამოძახება იყო, როდესაც ადამიანს გული ჰქონდა გაჩერებული და სამივე შემთხვევა წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებით დამთავრდა. ყოველი ასეთი წარმატებული გაწეული დახმარების შემდეგ ჩვენ, ადმინისტრაცია ვცდილობთ, რომ წავახალისოთ და სტიმული მივცეთ ექიმებს.
- თუ შეგიძლიათ გვითხრათ გამოძახება, რომელიც ყველაზე არაადეკვატური იყო?
- ამგვარი გამოძახებები ძალიან ხშირია. ყველაზე ახალ შემთხვევას გეტყვით. რამოდენიმე დღის წინ იყო გამოძახება - ახალგაზრდა მამაკაცს ხელზე უკბინა მწერმა, მეორე დღეს ჰქონდა გამონაყარი და ამ მიზეზით გამოიძახა სასწრაფო. კურიოზული ფაქტია, როცა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა მცირე გამონაყარის გამო სასწრაფოს იძახებს.
- იმ პრობლემების გადასაჭრელად რაზეც ვისაუბრეთ, რა გზებს მიმართავთ?
- ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს 112-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. შექმნილია რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ვფიქრობთ, დროის გარკვეულ პერიოდში იქნება შედეგები და მკვეთრად გაუმჯობესდება სასწრაფო დახმარების მუშაობა.
მარიამ გელაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"