გამტაცებლებმა სამი ბავშვი მოკლეს, საპასუხოდ კი ებრაელმა ბიჭებმა საშინელება ჩაიდინეს - ბავშვი დაწვეს

გამტაცებლებმა სამი ბავშვი მოკლეს, საპასუხოდ კი ებრაელმა ბიჭებმა საშინელება ჩაიდინეს - ბავშვი დაწვეს

რამდენიმე დღეა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პერიოდულად ისრაელზე ავიაიერიშები ისევ გრძელდება. ქვეყანაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა და შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან. დაიბომბა თელ-ავივი, რაკეტები ჩამოვარდა იერუსალიმშიც. პარალელურად ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" კუთვნილი ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, სადაც ორგანიზაციის ლიდერები ცხოვრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, დაჭრილია 400-მდე ადამიანი. სამწუხაროდ, დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ისრაელში საქართველოს საელჩოც. ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

ჩვენ ქალაქ აშკელონში მცხოვრებ ლევან ბარდანს დავუკავშირდით. ბატონი ლევანი 42 წელია ისრაელში ცხოვრობს. ამჟამად ქალაქ აშკელონის მერიაში აბსობციის განყოფილების უფროსი გახლავთ, ასევე ქალაქის თავდაცვის შტაბს ხელმძღვანელობს.

ლევან ბარდანი: - აშკელონი ღაზასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. დღეში 10-ჯერ მაინც ცხადდება განგაში. მადლობა უფალს, ჯერ მსხვერპლი არ გვაქვს. იერიშები ისევ გრძელდება, საბედნიეროდ გაგვაჩნია იარაღი, რომელიც ფაქტობრივად რაკეტების 95 პროცენტს ჰაერში ანეიტრალებს. რაც შეეხება რეგიონებს, მთელი დასავლეთი მხარე იბომბება. ყველაფერი დაკეტილია, მათ შორის საბავშვო ბანაკები, სადაც მოსწავლეებს უნდა დაესვენათ. ჩვენს ქალაქში 140 ათასი კაცი ცხოვრობს, 8 000-მდე ქართველი ებრაელია. ბავშვები გადაგვყავს თავშესაფრებში. სახლებში მყოფ პენსიონერებს, მოხუცებს ვეხმარებით. შექმნილია ჯგუფი, რომლებსაც მათთან მიაქვს საკვები და საჭირო პროდუქტები. ხაიფას რეგიონის მცხოვრებლები მზად არიან თავიანთ ხარჯზე მიიღონ ის ბავშვები, რომლებიც სახლებში არიან ჩაკეტილები. აქ ძალიან ძლიერია სამოქალაქო სექტორი, ძლიერია ერთმანეთის მხარდაჭერა. თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ ყოველდღე მაოცებს ისრაელი, ასეთი ძლიერი სიყვარული სახელმწიფოს მიმართ იშვიათია.

- თავშესაფრები ქალაქში საკმარისია?

- რაკეტა ღაზიდან მოდის და ასეთ დროს ჩვენ გვაქვს 30 წამი, რომ თავშესაფარი მოვძებნოთ. ახლა სახლში რომ მოვდიოდი, განგაში ატყდა, გავაჩერე მანქანა და 30 წამში თავშესაფარი მოვძებნე. 1992 წლის შემდეგ აშენებულ თითქმის ყველა კორპუსში და კერძო სახლში არის კუთხე, სადაც განგაშის დროს უნდა დადგე. ძველ სახლებშიც არის ადგილები, სადაც აფარებენ თავს, ყველა ებრაელმა იცის, თუ ქუჩაში მოხვდი და ვერ ასწრებ, მაშინ უნდა დაწვე, ორივე ხელი უნდა დაიდო თავზე.

(ინტერვიუს დროს უცებ განგაშის ზარი გაისმა. ჩემი რესპონდენტი თავშესაფარში გაიქცა. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან საუბარი ისევ განვაგრძე):

- ახლაც განგაში იყო და თავშესაფარს შევაფარე თავი. მადლობა უფალს, შენობები არ დანგრეულა. მოსახლეობას სისტემატურად უტარდება სპეციალური სწავლება, როგორ დაიცვან თავი განგაშის დროს. ჩემი ვაჟი, ბადრი, ოფიცერია, ახლა ის წინა ხაზზეა. პალესტინელები არ ცნობენ ებრაელთა ერის არსებობას, ჩვენ წლებია ვუძლებთ მათ იერიშებს. რაც ისრაელში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს საშინელება იყო.

- კონკრეტულად გვიამბეთ ამ ფაქტის შესახებ.

- პალესტინელების დევიზია გაიტაცონ ადამიანები და აწამონ. ძალიან რთული სიტუაცია არის ღაზასთან ახლო ქალაქებში. 2005 წლიდან აშკელონში ასეთ დღეში ვართ, მაგრამ ასეთი მასშტაბის იერიშები არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ სამი ბავშვი რელიგიურ სკოლაში მიდიოდა და ისინი "ჰამასის" ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს. ასე ცდილობენ გაათავისუფლონ ისრაელის ციხეში მყოფი თავიანთი მოქალაქეები, მაგრამ მოხდა საოცრება, ერთ-ერთმა ბავშვმა ისრაელის პოლიციის ხაზზე დარეკა. როცა ზარი შედის პოლიციაში, მაშინვე ფიქსირდება რა ტერიტორიიდან ხორციელდება ზარი. ამის გამო გამტაცებლებმა სამივე ბავშვი მოკლეს. მიაგნეს გვამებსაც, მაგრამ ამას მოჰყვა საშინელი რეაქცია. ჩვენდა სამწუხაროდ, აქაც არის მცირე ჯგუფი მემარჯვენე რადიკალების, საპასუხოდ მათ ერთი ბავშვი დაწვეს. ის უდანაშაულო ბავშვი შეეწირა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გატაცებასთან. ეს საშინელება ებრაელმა ბიჭებმა გააკეთეს, ამან გამოიწვია აფეთქება აღმოსავლეთ იერუსალიმში.

- იერუსალიმში ჩამოვარდა ნაღმი, იქ დაზიანდა შენობები?

- წმინდა მიწა არ დაბომბილა. მისამართი არ აქვს რაკეტას. ძალიან რთული სიტუაციაა. ისრაელის რაკეტამ ასევე დაარტყა ღაზის სექტორში იმ მანქანას, სადაც იჯდა ჯიჰადის სამი წარმომადგენელი. ყოველ 20 წუთში ერთხელ ვბომბავთ ღაზას. მათი მონაცემებით იქ 60 ადამიანია დაღუპული, 400-მდე დაჭრილია. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ არ არის მსხვერპლი და არც დაჭრილები გვყავს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია