ნატახტარის აეროდრომიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით რეისების განხორციელება იგეგმება. უახლოეს მომავალში ფრენები, სავარაუდოდ, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით დაინიშნება. 18 ივლისიდან კი რეისი - "თბილისი-მესტია-თბილისი" იფრენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელის განვითარება იგეგმება.
"ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელი განვავითაროთ და აღვადგინოთ ბევრი ტურისტული მიმართულება, რომელიც ტრადიციულად არსებობდა საქართველოში. ეს თვითმფრინავი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სვანეთის, არამედ სხვა მიმართულებითაც", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მთიანი რეგიონების მიმართულებით ფრენები აღდგება.
ნატახტარის აეროდრომის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქართული ავიაკომპანია "სერვის ეირის" დამფუძნებელმა ამირან მანჯავიძემ. მისი თქმით, ნატახტარს საქართველოში უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს შიდა რეისებისთვის. მანჯავიძის ინფორმაციით, ფრენები სხვა მიმართულებითაც იგეგმება.
მესტიაში ფრენებს "საქაერონავიგაციის" ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა, კატასტროფა მოგვიტანოს. კარბელაშვილმა მთავრობას მოუწოდა, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.
როგორც კარბელაშვილი აცხადებს, მესტიის აეროპორტი ურთულეს აეროპორტად ითვლება და თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა L-410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის არაკონტროლირებადი თვითმფრინავია.
"ამ თვითმფრინავის ფრენამ შეიძლება უბედურება მოგვიტანოს. თავის დროზე უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, რომ ეს თვითმფრივანი არ არის კონტროლირებადი. მას სულელ თვითმფრინავს ეძახიან. 1991 წელს მოხდა ოთხი ტრაგედია, ტრაგედია მოხდა 1992 წელს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია, ექვსჯერ მოხდა ტრაგედია 2003 წელს, 2004-ში ჩამოვარდა კილიმანჯაროზე, სამი - ჩამოვარდა აფრიკაში. თავის დროზე ჩამოვარდა სოხუმში, ჩამოვარდა ფოთში და ამას მოჰყვა ტრაგედია", - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" კი ამბობენ, რომ საჰაერო ხომალდი 410 უსაფრთხოა. როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპონენტების მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და ემსახურება თბილისი-მესტიის რეისის განახლების მნიშვნელოვანი პროექტის ხელის შეშლას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.