"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა

"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა

ამ სტატიას გუშინ სართიჭალაში მომხდარი ავარიის ფაქტით ვიწყებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა: ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალნენ მსუბუქ ავტომობილში მჯდარი მამაკაცი და 2 წლამდე ასაკის ბავშვი. ამავე ავტომობილში მყოფი ერთი ქალბატონი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან...

ეს ერთი საშინელი ფაქტია იმ უამრავიდან, რომელსაც BMW-ს მარკის ავტომანქანები არა მარტო საქართელოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენენ. თუ რა განაპირობებს ამას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხიფათი, ამ საკითხებზე შალვა ბუაჩიძე, ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" მთავარი რედაქტორი გვესაუბრება:

- BMW ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მარკაა. ჰყავს ბევრი მოხმარებელი. ბრენდი ყოველთვის სპორტულობაზე აკეთებს აქცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა მოქნილია, მანევრულია და კარგი აჩქარებით გამოირჩევა. ამიტომ, მას გამოცდილი, გაწაფული და ალღოიანი მძღოლი სჭირდება. თუ BMW-ს მძღოლი გამოუცდელია, არ აქვს მას შესაბამისი ალღო, ავტომობილისკენ მიდრეკილი ადამიანი არ არის, შესაბამისად, ავარიაც ხშირად ხდება. დიახ, ეს მანქანა მძღოლს იმისკენ იწვევს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მართოს ის. როგორც კი მის საჭესთან დაჯდები, გიწვევს, რომ სიჩქარეს მოუმატო, გასწრებაზეც ხშირად გახვიდე. შესაბამისად, BMW-ს სჭირდება მართვის ცოდნა. თავისთავად BMW ცუდი და საშიში ავტომობილი არ არის. მაგალითად, "ფერარი" გაცილებით უფრო სარისკოა და უფრო სპორტულიც, უბრალოდ საქმე ის არის, რომ მასზე ამდენი ავარიის წილი არ მოდის - იმის გამო, რომ ცოტა იყიდება... BMW კი, "ფერარისგან" განსხვავებით, მასობრივია და მარტივად რომ ვთქვათ, ბევრისთვისაა ხელმისაწვდომი.

- მოკლედ, BMW-ს ისეთი გაწევა აქვს, რომ მამაკაცები მის საჭეს რომ მიუსხდებიან, აზარტში შედიან...

- კი, ასეა, ვისაც მანქანა და სიჩქარე უყვარს, ეს მოსწონს. ადამიანებს ამის ხარჯზე მეტის გარისკვა უწევთ. სხვადასხვა მოდელს სისწრაფისა და აჩქარების სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს (ზოგს მეტი, ზოგს - ნაკლები).

- იმ შემთხვევაში თუ არ ხარ გამოცდილი მძღოლი, მაშინ რა ხდება?..

- შეიძლება ადამიანი 10 წელი მართავდეს ავტომობილს, მაგრამ ის ალღო არ განუვითარდეს, რომელიც ამ საქმეს სჭირდება, მაგრამ ზოგს ორი თვეც ეყოს ალღოსა და ნიჭის გამოსავლენად, ანუ ავტომობილის მართვის ტექნიკას ვგულისხმობ. თუ ადამიანი ატყობს, რომ რისკზე წასვლით მანქანას ვერ იმორჩილებს, მომდევნო რისკი აღარ უნდა განახორციელოს. სანამ რაღაც მინიმალურ ნაბიჯს კონკრეტულად არ აითვისებს, მანამდე არ გადადგას შემდეგი და შეეცადოს ალღო ამ ყველაფერთან ერთად გამოიმუშავოს. ასევე, გამოუცდელმა მძღოლმა პირველ მანქანად BMW არ უნდა შეიძინოს. მოკლედ, ავარია ძირითადად გამოუცდელობის ან, რა თქმა უნდა, მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხდება.

- "მკვლელი მანქანა", - მას ასე უწოდებენ. თუმცა ამ მარკას "მკვლელად" ადამიანები აქცევენ...

- დიახ, BMW-ს ბრალი არ არის, რომ ის ავარიაში ხვდება. ეს მარკა ძალიან პოპულარულია და მთელ მსოფლიოში კარგად იყიდება. BMW უშუალო კონკურენტებიდან "მერსედესზე" და "აუდიზე" მეტ მოდელს ჰყიდის. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ სპორტულობისკენაა მიდრეკილი, აღარ გაგვიკვირდება, რომ ბევრ ავარიაში მონაწილეობს. საშუალო ფასის მქონეა და ამიტომ მას ბევრი ყიდულობს. ისევ გავიმეორებ: შეიძლება უტოპიური შედარებაა, მაგრამ უტრირებას ვახდენ: "ფერარი" რომ BMW-ს ფასი ღირდეს, გაცილებით მეტ ავარიაში მოყვებოდა, იმიტომ რომ, სუპერსპორტული კლასია.

- ამბობენ ხოლმე, მამამ შვილს პირველი მანქანა BMW არ უნდა უყიდოსო...

- ჰო, საქართველოში არსებობს ასეთი გამოთქმა: "თუ გინდა, რომ შვილი უსაფრთხოდ იყოს, პირველ მანქანას BMW-ს ნუ უყიდი!" გერმანიაშიც არსებობს გამონთქვამი, " BMW - ბავარიის დაწყევლილი მანქანა". ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ BMW სპორტულია, დინამიკურია, მანევრულია, მძღოლი აზარტში შეჰყავს და თუ გამოუცდელია, ალღო არ აქვს ან წესებს არღვევს, დიდია მისი ავარიაში მოყოლის შანსი.

- რა რჩევებს მისცემ მათ, ვინც BMW-ს მართავს...

- პირველი რჩევა - ნურასდროს წავა ზედმეტ რისკზე; მეორე რჩევა, - მანქანასთან ერთად, ეტაპობრივად ისწავლოს სწრაფად მართვა და მოსახვევში შესვლა. ტექნიკა, შესაძლებლობები და ალღო ამ ყველაფრის შემდეგ გამომუშავდება; მესამე და უმთავრესი, - ნუ დაარღვევს მოძრაობის წესებს, რადგანაც ავარია მაინც ხშირად მოძრაობის წესების დარღვევით არის გამოწვეული. არ შეიძლება არაგონივრული აჩქარება, გასწრებაზე გასვლა მაშინ, როცა ვხვდებით, რომ ეს სარისკოა.

საქართველოში BMW-ს კლუბის ხელმძღვანელებს კარგი მიდგომა აქვთ: სწორად ურჩევენ, როგორ უნდა მართონ მანქანა ისე, რომ მის საჭესთან ჯდომა არ იყოს სახიფათო და არ იყოს რისკთან დაკავშირებული. ვისაც ამ მარკის ავტომობილი ჰყავს, უმჯობესია, გაერთიანდეს ამ კლუბში და იქ სასარგებლო რჩევებს მიიღებენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქართველი ქალბატონები საჭესთან ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნიან. მით უფრო ისინი, ვინც ამ მარკის ამტომანქანას უსხედან...

- არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ რადგან ქალია საჭესთან, ტრასაზე აუცილებლად საავარიო სიტუაცია შეიქმნება. უბრალოდ ის არის, რომ მანდილოსანი საჭესთან ფრთხილია, ძირითადად ზედმეტად ფრთხილიც კი, რაც მის დაბნეულობას იწვევს...

- ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა საქართველოში პატიოსანი მძღოლი?

- საქართველოში ძალიან პატიოსნად სიარული შეუძლებელია. ყველაზე დიდი საშინელება კი თავხედი და ეგოისტი მძღოლია. სწორედ ასეთები უშლიან სხვებს ნერვებს ყველაზე მეტად და ასეთები ქმნიან საავარიო სიტუაციებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია