ბადრი ნანიტაშვილი - პროვოკატორები ავრცელებენ განცხადებას, თითქოს მე პროკურატურამ დამამუშავა

ბადრი ნანიტაშვილი - პროვოკატორები ავრცელებენ განცხადებას, თითქოს მე პროკურატურამ დამამუშავა

პროვოკატორები ავრცელებენ განცხადებას, თითქოს მე პროკურატურამ დამამუშავა, როდესაც ვთქვი, რომ ეროსი კიწმარიშვილი იარაღის ყიდვას აპირებდა , - ამის შესახებ კიწმარიშვილის საცხოვრებელი სახლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ბადრი ნანიტაშვილმა განუცხადა, რომელიც კიწმარიშვილის საქმეზე დღეს პროკურატურამ უნდა დაკითხოს.

"ეროსი კიწმარიშვილთან და გიორგი ხევიაშვილთან ერთად კაფეში ვიმყოფებოდი. როდესაც იქიდან წამოვედი, ეროსიმ მითხრა, რომ მაღაზიაში გავიაროთ, ზურას (ანუ თავის ძმას) იარაღი უნდა ვუყიდო, დაბადების დღე აქვს და საჩუქარი მინდა გავუკეთოო. მინდა გაფორმების პირობები გავიგო და ტყვიებიც ვიყიდოო. წავედით მაღაზია "დიანაში", სადაც აუხსენს, რომ იარაღის გაფორმებას უნდა რაღაც განაცხადი და ექსპერტიზის ცნობა. ეროსიმ თქვა, რომ ამას დიდი დრო სჭირდებაო და ბარემ ახალ იარაღს ვიყიდიო. მეც შემომთავაზა, შენც ხომ არ გინდა ყიდვაო. მერე დავიწყეთ იარაღის არჩევა. ავიღეთ ცნობა და პოლიციის მიმართვა, მაღაზია 17:30 საათზე იკეტებოდა და ჩვენ მივედით 17:35 საათი იყო. დაგვიბარეს მეორე დღისთვის. წამოვედით და ჩემს ოფისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავედით. ვილაპარაკეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, მომცა რჩევები, როგორ უნდა გამეგზავნა უცხოეთში ბავშვების სასწავლებლად. რაღაც საიტები ამომიყარა. დაახლოებით საათნახევარი ვიყავით ოფისში. მერე მითხრა, დილით ალბათ შენ ვერ გაიღვიძებო და მე მივალ იარაღის წამოსაღებადო, თან მითხრა, ქვემოთ ტირი აქვთ და ჩავიდეთ და იარაღი გამოვცადოთო. მეორე დღეს მე ვერ მივედი, მერე კი იმ მაღაზიაში მივედი და ვიკითხე, იყო თუ არა ეროსი ჩასული ტირში, მითხრეს, რომ არ ჩასულა", - განაცხადა ბადრი ნანიტაშვილმა.

მისი თქმით, იარაღის თემაზე კიწმარიშვილთან სკაიპითაც ისაუბრა, რაც ტელეფონში აქვს შენახული. როგორც ნანიტაშვილმა აღნიშნა, მიმოწერაში ნახსენებია, რომ იარაღი, რომლის ყიდვასაც აპირებდა, 350 დოლარი ღირს. მედიის შეკითხვაზე, სატელევიზიო კომენტარისას რატომ არ აღნიშნა თავიდანვე, რომ კიწმარიშვილი იარაღის შეძენას აპირებდა, ნანიტაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ამის შესახებ, სწორედ მაშინ გასცა პასუხი.

"თავიდან მკითხეს, როგორ ხასიათზე იყო, როდესაც შევხდი ეროსის. მეც ვუპასუხე, რომ კარგ ხასიათზე იყო და სამომავლო გეგმებზე საუბროდა. შემდეგ დამისვეს კითხვა იარაღზე და მოვყევი როგორც იყო, რომ ვიყავით იარაღის შესარჩევად ერთად", - განაცხადა ნანიტაშვილმა.

მედიის შეკითხვაზე - კიწმარიშვილი ხომ არ აპირებდა იარაღის ყიდვას თავდაცვის მიზნით, ნანიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც რაიმე მუქარა უხსენებია. ბადრი ნანიტაშვილმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ