"არასოდეს იომოთ საქართველოსთან", ანუ რა დაღუპავს რუსეთს - წმინდა მამის წინასწარმეტყველება

"არასოდეს იომოთ საქართველოსთან", ანუ რა დაღუპავს რუსეთს - წმინდა მამის წინასწარმეტყველება

"არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს," - ეს ცნობილი ფრაზა ღირს სერაფიმ საროველს, უდიდესი რუს წმინდანს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გარკვეული პერიოდის წინ გამოაქვეყნა. რუსეთის ხელისუფლება რომ არავის მოსაზრებას არ ითავლისწინებს და მით უფრო, წმინდა მამების შეგონებებს არ ისმენს, ეს ცხადზე ცხადია...

წმინდა სერაფიმს, საროვის უდაბნოში მოღვაწე მამას განჭვრეტისა და სასწაულთქმედების დიდი ნიჭი ჰქონდა. უფალმა ის არაერთხელ გახადა საღვთო ხილვების ღირსი: წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურგიაზე. ამ ხილვის შემდეგ ღვაწლი გაამკაცრა.

მოგვიანებით კი ახალი ღვაწლი იტვირთა - ყოველ ღამით, ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაღპყრობით ლოცულობდა: "უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი". დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. იქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. წმინდანი ასე 1000 დღე-ღამის განმავლობაში ლოცულობდა.

შემდეგ ღვთისმშობელმა გამოცხადებით, ხალხის სამსახურისაკენ მოუწოდა და იმ დღიდან წმიდანის კელიის კარი ღია იყო ყველა მსურველისთვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან... ცნობილია, რომ სერაფიმ საროველს გამოცხადებით ემცნო, რომ "დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო - ივერია, მეორე - ათონის მთა, მესამე - კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე - დივეევო".

წმინდა მამის გამონათქვამი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის პირდაპირ არის ნაკარნახევი, თუ როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსთან დაკავშირებით, ზოგიერთ სკეპტიკოსში ეჭვს ბადებს, გამოგონილიაო...

ამ თემაზე კითხვით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ პეტრე კვარცელიას მივმართეთ:

- წმინდა სერაფიმ საროველის ეს სიტყვები რუსეთთან მიმართებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მოგეხსენებათ, სარწმუნოება ეროვნული ნიშნით არ გამოირჩევა და ის ყველასთვის ერთია, თუმცა სახელმწიფო მოღვაწეები პოლიტიკურად იყენებენ და სარწმუნოების სახელით, პატარა ერების ჩაგვრას ეწევიან. სწორედ ამიტომ დასჭირდა რუს წმინდანს მსგავსი სიტყვების წარმოთქმა. უპირველესად, ეს რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გასაგონად თქვა. დასჭირდა იმიტომ, რომ ხედავდა მშობლიური ერის მესაკუთრულ დამოკიდებულებას საქართველოზე... სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა და ღმერთს თანაბრად სთხოვდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვა ხალხების კეთილდღეობას, რადგან მათთვის "სხვა" არასდროს არსებობდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია