"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და ის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ქართული საზოგადოების წევრები. "ამბები.გე" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

ია ანთაძე, მედიაექსპერტი:

- ის, რაც მოხდა, დიდი თავგასულობის გამო მოხდა. არაფრით შეიძლება, რომ ასე დაუცველები იყვნენ მოქალაქეები. უსაფრთოების სისტემა თითოეული ადამიანისთვის სანდო უნდა გახდეს და დარწმუნებული ვარ, დიდი ქვეყნების ლიდერებისთვის ეს სერიოზული მიზეზი იქნება იმისთვის, როგორ დაიცვან მოქალაქეები მათგან, ვისგანაც სტაბილურობას არ ელოდებიან. თვითმფრინავში მსხდომები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და არ ეხებოდათ ის კონფლიქტი, რაც დღეს რუსეთსა და უკარინას შორის არის გაჩაღებული, თუმცა ამ კონფლიქტის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ალბათ, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის სისტემების შექმნაზე იქნება ფიქრი, საუბარი და ეს ყველაზე დიდი შედეგი იქნება, რაც ამ ტრაგედიას შეიძლება მოჰყვეს.

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი:

- სამწუხაროდ, ტრაგედიები ხშირად ხდება, როგორც ავიაკატასტროფების, ისე ავტოავარიების სახით. ეს ის ობიექტური რეალობაა, რომელშიც სამწუხაროდ ცხოვრება გვიწევს. ტექნოლოგიურ საზოგადებაში ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ყოველი კატასტროფა ჩვენთვის დანაკლისი და სამწუხაროა.

ქართლოს ნატროშვილი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი:

- გავიგე თუ არა ამ ტრაგედიის შესახებ, გონებაში მაშინვე წამომიტივტივდა 2010 წლის 10 აპრილი, როცა პოლონეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

- თუ ეს არის ტერორისტული აქტი, მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს მსოფლომ?

- უსაფრთხოების მეტი გამკაცრებაა საჭირო. ეს საკითხი უნდა გამოიძიონ ყველამ ერთად, იმ ქვეყნებმა, ვისი მოქალაქეებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ყველამ უნდა აიღოს ამ გამოძიებაზე პასუხისმგებლობა და ისეთმა ქვეყნებმაც, რომლის მოქალაქეც არ მჯდარა იმ თვითმფრინავში. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მიიჩქმალოს, გამოსაძიებელია ბოლომდე.

- ვერსიაზე, რომ თვითმფრინავი რუსეთის რაკეტამ ჩამოაგდო, რას იტყვი?

- რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს დავადასტურებ, რომ ეს ყველაფერი პუტინის ნებით მოხდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრაგედიაში რუსეთის ხელი ერიოს, რადგანაც ამის არაერთი მაგალითი არსებობს. რომც იცოდე, რომ რეალურად რუსეთია ამის ავტორი, უნდა გამოძიებით დაამტკიცო ეს. რომ დაამტკიცებ, მერე მსოფლიო მხოლოდ აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგანაც აღშფოთება რუსეთს არ აშინებს. დამნაშავე მკაცრი სანქიებით უნდა დაისაჯოს.

- როგორ უნდა იმოქმედოს თანამედროვე მსოფლიომ ამ ტრაგედიის შემდეგ? თვითმფრინავში ბოლო მონაცემებით 10 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც დაიღუპნენ.

- საერთაშორისო გადაზიდვები ნიშნავს იმას, რომ მასში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და ამიტომ, არ მიკვირს, რომ ამ უბედურებაში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა გახვეული. უნდა ვიზრუნოთ იმ უსაფრთხოების სიტემების დახვეწაზე, რა უსაფრთოების სისტემებიც არსებობს ავიაგადაზიდვებისა და ავიაფრენების დროს. ასე რომ, მუდმივი სწრაფვა უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. კატასტროფის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა რისკების მინიმალიზაცია შესაძლებელია. მნიშვნელოვანია კარგი მუშაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოირიცხოს.

- ამ ტრაგედიაში რუსეთის როლზე რას იტყვით?

- მოვერიდებოდი დადასტურების გარეშე ასეთი სერიოზული ბრალდების წარდგენას, რადგანაც თუ ეს ეჭვი დადასტურდა, მაშინ საერთაშორისო ტერორიზმია. საერთაშორისო ტერორიზმი კი ნომერ პირველი ბოროტებაა. ვიტოვებ იმედს, რომ კატასტროფასთან გვქონდა საქმე და არა ტერორიზმთან.

მასტერი, გიორგი პავლიაშვილი, რეპერი:

- დიდი ტრაგედიაა, როცა ამდენი ადამიანი იღუპება! ისედაც არ აკლია მსოფლიოს ავიაკატასტროფები, რომ არ დაემატოს "გარეშე ფაქტორების" ჩარევა... ჯერ როგორც ვიცი, ზუსტად ვერ ამბობენ ვერაფერს, რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული თუ არა. თუ ეს დადასტურდა, ამხელა დანაშაულის სასჯელი არც კი ვიცი, რა უნდა იყოს... ზოგადი საუბრებია ყოველთვის ყველაფერზე, კარგი იქნება, რომ თანამედროვე სამყარო კონკრეტული ნაბიჯებით შემოიფარგლოს და არა უბრალო შეშფოთებით! ისე, გულის სიღრმეში მეიმედება, რომ ეს ტრაგედია უბედური შემთხვევა იყოს და არა ტერორისტული აქტი!

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია