საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ოთარ გურგენიშვილის ახლობლებს უსამძიმრებს.
"მთელი საქართველო შეძრა ახალგაზრდა კაცის დაღუპვამ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად. ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია მთელი საზოგადოებისთვის. ამ საქციელით მან უსაზღვრო კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითი მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას ნიშნავს მოყვასისათვის თავგანწირვა.
ასეთ გმირებს ხალხი არ ივიწყებს. გმირები მხოლოდ ომის დროს არ იბადებიან. ასეთ გმირებზე დგას სამყარო.
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ ოთარ გურგენიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. მათ განუზომელ ტკივილსა და მწუხარებას მთელი საქართველო იზიარებს.
გმირულად დაღუპული ახალგაზრდა - ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე და მიმაჩნია, რომ ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მას სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
შეგახსენებთ: რუსთავში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთარ გუგეშაშვილი ემსხვეპლა, ახალგაზრდა გოგო კი მსუბუქად დაშავდა. "მერსედესის" მარკის "ჯიპის" ტიპის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
გზაზე მცირეწლოვანი ბავშვი გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გამოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, "ჯიპი" მას და მის მეგობარ გოგონას დაეჯახა.