მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მათთან ერთად ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, დაცვის მხარე ყველა ფორმალურ პროცედურას გაივლის. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია.

"მათ გააჩნიათ ბურჯანაძის და კიდევ ერთი მოწმის - ჩხარტიშვილის ჩვენებები. ცხადია, რომ ბრალდების დადგენილების შემდეგ შეიკერა ეს საქმე. პროკურატურა პოლიტიკურ დევნას ახორციელებს", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძვლად საქმეში არსებული გარკვეული მტკიცებულებები დაასახელა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12.00 საათზე ჩაინიშნა.

წინასასამართლო სხდომის მაქსიმალური ვადით ჩანიშვნა პროურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ