ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად არის აღიარებული, თუმცა აქაც არსებობს რამდენიმე საინტერესო მიმართულება, სეგმენტი, რომლის შესახებაც საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, მაგალითად: რელიგიური და ინკლუზიური ტურიზმი. სპეციალისტების აზრით, ამ ხრივ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მართალია, ისრაელს, საბერძნეთს, ან თურქეთს ვერ შევედრებით, მაგრამ ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების წარმომადგენლებისათვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს პილიგრიმული მიზნებით 9 984-მდე ადამიანი ესტუმრა, რაც მთლიანად ვიზიტორთა რაოდენობის 0,2 პროცენტია. რაც შეეხება ინკლუზიურ ტურიზმს - მას ამ სფეროში მოკრძალებული წვლილი შეაქვს.
ბპნ.გე ამ საკითხთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, მედეა ჯანიაშვილს ესაუბრა.
მედეა ჯანიაშვილი: "ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და რელიგიური წარსულისადმი უცხოელების დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ჩვენც ვმუშაობთ, რომ ეს დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ძეგლები გვაქვს და აქ უამრავი სიწმინდეა დაცული, ამის თაობაზე ინფორმაცია მსოფლიოში ნაკლებად არის. ამიტომაც გადავწყვიტეთ შევქმნათ რელიგიური ტურიზმის კატალოგი, რომელშიც იქნება სრული ინფორმაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისათვის. ამ კატალოგში არ იქნება მარტო ცნობები იმაზე, თუ რომელ ტაძარში რა სიწმინდე ინახება, ეს იქნება მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი კატალოგი, სადაც შევა მარშრუტები, რომელიც გაუმარტივებს საქმეს ჩვენს სტუმრებს. როგორც ვიცი, იგეგმება, რომ გრემთან და ნეკრესთან ახლოს გაკეთდეს სასტუმროები, სადაც იქ მისული მომლოცველები დაბინავდებიან. ამ საქმით თვით ამ ტაძრების ადმინისტრაციაა დაინტერესებული".
ინკლუზიური ტურიზმის თაობაზე კი, მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა: "ამ მხრივაც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ინკლუზიური ტურიზმი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი მიმართულებაა და მისი განვითარება განსაკუთრებით რთულია, რადგან შშმ პირებისათვის ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინმა უნდა შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, რასაც საგანგებო პირობების შექმნა სჭირდება. ჩვენთვის ინკლუზიური ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, კახეთის რეგიონში ჩავატარეთ კვლევა და შევისწავლეთ იქაური მარშრუტები, რომლებიც შშმ პირებს გამოადგებათ. ეს მარშრუტები გაკეთდა სამ მუნიციპალიტეტში - თელავში, სიღნაღსა და ყვარელში. ხშირად შშმ პირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა არც ისე რთულია. არსებულის გადაკეთებაც შეიძლება და მშენებარე სასტუმროებმაც შეიძლება გაითვალისწინონ შენობებზე თუნდაც პანდუსების დამატება. ეს არ უკავშირდება რაღაც კოლოსარულ თანხებს. მართალია, შშმ პირების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში რთულია, მაგრამ შიდა ბაზარიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ? დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურად მუშაობს ამ მიმართულებით: ისინი მხოლოდ ინკლუზიურ ტურისტულ პაკეტებს ქმნიან, რომლებიც შშმ პირებისათვის არის განკუთვნილი".
როგორც სამთო გამყოლთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა ერქომაიშვილმა გვითხრა, საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ რელიგიური საკითხებით დაინტერესებული ტურისტი დააინტერესოს: