ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მზად არის, გახდეს ცივილიზებული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მზად არის, გახდეს ცივილიზებული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი

საქართველო მზად არის, გახდეს ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საქართველომ ეს მსოფლიოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარებით კიდევ ერთხელ დაანახა.

"გასული წელი მეტად მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველომ წარმატებით ჩაატარა ჯერ საპრეზიდენტო, ხოლო შემდეგ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ორივე ეს არჩევნები ჩატარდა ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით. ეს იყო გამჭვირვალე, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგებიც ყველამ აღიარა და სათანადო შეფასებაც მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ადგილობრივი არჩევნებით ჩვენ განვამტკიცეთ ის კურსი, რომელსაც სათავე დავუდეთ პრეზიდენტის არჩევნების დროს. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო თავისუფალი და თანაბარი გარემო არჩევნების მონაწილე ყველა სუბიექტისათვის, ამომრჩევლისათვის არჩევანის თავისუფლება იყო სრულად დაცული. პირველად საქართველოს ისტორიაში ავწიეთ ბარიერი 50 პროცენტამდე და პირველად გაიმართა მე-2 ტური, რამაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას ამ არჩევნების დემოკრატიულობა და ის, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადია. საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ ევროპის დიდი ოჯახისკენ, ჩვენ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის გახდეს ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ის, რომ კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" სამივე არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხალხმა უპირობო მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა, ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

"ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვახორციელოთ ძირეული რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება უშუალოდ ამბასადორიალს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველწლიური შეხვედრა ტრადიციად იქცა.

"თქვენ დაკისრებული გაქვთ ძალიან დიდი პასუხიმგებლობა, რომ წარმოადგინოთ ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამიტომ, ასეთი შეხვედრების გამართვა ძალიან საჭირო და სასარგებლოა. ამით საშუალება გვეძლევა თქვენთან ერთად შევაჯამოთ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და დავსახოთ სამომავალი გეგმები", - მიმართა ღარიბაშვილმა ქართველ დიპლომატებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა