დიდი ომის საფრთხე კავკასიაში

დიდი ომის საფრთხე კავკასიაში

მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო კვირის განმავლობაში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროთა შორის შეტაკებებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერევანში 1994 წელს დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 150-ჯერ დარღვია. თავის მხრივ სომხეთი კი სიტუაციის ესკალაციაში ბაქოს ადანაშაულებს.

ექსპერტთა შეფასებით, გასულ სამ დღეში მხარეთა დაშორიშორების ხაზზე მომხდარი შეტაკებები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ვაშინგტონში, მოსკოვსა და ბრიუსელში. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები 8 ან 9 აგვისტოს სოჭში შეხვდებიან ერთმანეთს.

კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების ახალი ტალღა ივლისის ბოლოს აგორდა. 31 ივლისს მომხდარი შეტაკებისას, ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, მოკლული იქნა 7 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. ამავე წყაროს ცობით, ისინი დივერსანტები იყვნენ და ამის დამადასტურებლად სომხური მხარის წარმომაგენლებმა იმ იარაღისა და სპეცსაშუალებების საჯარო დემონსტრირება მოახდინეს, რომელიც დაღუპულ სამხედროებს თან ჰქონდათ.

ოფიციალური ბაქო თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა სომხური მხარის ბრალდებებს და შურისძიებით იმუქრებოდა. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი ახმადოვმა ერთ-ერთი დაღუპული მებრძოლის დაკრძალვაზე განაცხადა, რომ სომხეთის ქმედებებს შესაბამისი პასუხი გაეცემოდა.

"დღეს გლოვის დრო არ არის, საჭიროა სათანადო პასუხის გაცემა მტრისათვის. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მას თავისი პროვოკაციული ქცევები ძალიან ძვირად დაუჯდეს", - უთხრა ჟურნალისტებს ალი ახმადოვმა.

შეტაკებები მომდევნო დღეებში გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 აგვისტოს ღამეს მათ 40 სომეხი სამხედრო მოკლეს, აზერბაიჯანულ მხარეს კი 3 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამიერკავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო საკუთარ შეშფოთებას ვერ მალავს ამერიკის შეერთებული შტატები. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გაავრცელა განცხადება, სადაც მხარეებს მოუწოდებს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოცი წლის წინ დადებული ხელშეკრულება.

"ჩენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს და მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ სწრაფი ზომები, რათა შეამცირონ დაძაბულობა. ასევე, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ძალადობა მხოლოდ გაართულებს მშვიდობიან დარეგულირებას," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

ყარბაღის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის საფრთხეს ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოსკოვი დაპირისპირებულ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება რეგიონს დიდ ზიანს მოუტანს.

"ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ბოლო დღეებში ყარაბაღის რეგიონში დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრებს. ვითარების შემდეგი ესკალაცია დაუშვებელია, მხარეებმა უნდა იპოვონ მშვიდობიანი გზები სიტუაციის სტაბილიზაციისათვის," - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანი არ უარყოფს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მან ინტენსიური ცეცხლი გახსნა სომეხი სამხედროების პოზიციების მიმართულებით, რომლებსაც ისინი ყარაბაღსა და იმ რეგიონებში იკავებენ, რომლებიც 1989-1994 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაიკავეს.

"აზერბაიჯანული არმია სომეხ აგრესორთა წინააღმდეგ იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, ყუმბარმტყორცნებს, მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებს, თერმობარიულ ყუმბარებსა და ნაღმმტყორცნებს. სომხურმა მხარემ ბოლო დღეებში დაღუპულების სახით 51 ჯარისკაცი დაკარგა, 35 კი დაიჭრა, თუმცა, ერევანი ამ ციფრებს ასაიდუმლოებს, რათა მოსახლეობაში მასობრივი უკმაყოფილება თავიდან აიცილოს", _ ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ბაქოს მხარეზე ბრძოლის სურვილი გამოთქვეს იმ თურქმა მოხალისეებმაც, რომლებიც ყარაბაღში 1990-იან წლებში იბრძოდნენ.

"ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კავკასიაში, 100 ათასი კარგად მომზადებული მებრძოლით", - ამის შესახებ თურქ მოხალისეთა ქვედანაყოფის, "რიუზგარის" მეთაურმა, იოსიფ ზია არპაჯიკმა განაცხადა.

როგორია მხარეთა სამხედრო ძალებით თანაფარდობა და რამდენად რეალურია საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე _ ამის შესახებ "მთელი კვირა" სამხედრო მიმომხილველს, გიორგი ინაურს ესაუბრა.

"ორივე მხარის სამხედრო პოტენციალი თითქმის თანაბარია, შესაბამისად, მათ შორის ომი არ იქნება ბლიცკრიგის ხასიათის. ის ხანგრძლივ სახეს მიიღებს და ორივე ქვეყნის ეკონომიკასა და გენოფონდს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

"ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ბარიკადების ორივე მხარეს მყოფ სამხედროებსა და პოლიტიკოსებს. ამ კონფლიქტს და იქ არსებულ დაძაბულობის მართვად პროცესს ისინი თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებენ, რათა რაც შეიძლება მეტი თანხები მიიზიდონ ძალოვან სტრუქტურებში, სადაც კორუფციის დონე საკმაოდ მაღალია," - ამბობს ინაური.

იგი ამ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ აზერბაიჯანმა 2014 წლის ბიუჯეტში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად 3,7 მლრდ. დოლარი გამოჰყო, სომხეთმა კი ამ სფეროში მხოლოდ 472 მილიონი დოლარის გამოყოფა შეძლო, რაც ამ ქვეყნის მწირი ეკონომიკური შესაძლებლობებით არის განპირობებული.

"აზერბაიჯანს, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა აქვს, შეუძლია თავს იმის უფლება მისცეს, რომ შეიძინოს თანამედროვე და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა ისრაელისგან, ევროპის ქვეყნებისაგან, სამხრეთ აფრიკისაგან და სომხეთის სტრატეგიული მოკავშირისაგან, რუსეთისგანაც კი.

"თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსკოვი ორმაგ თამაშს თამშაობს. ის ბაქოს აწვდის თანამედროვე ტ-90 ტანკებსა და მი-24 ტიპის ღრმად მოდერნიზებულ საბრძოლო შვეულმფრენებს მაშინ, როდესაც მეგობარ ერევანს შეღავათიან ფასებში, თითქმის უსასყიდლოდ აძლევს თანამედროვე ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს. ეს გარემოება საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე დიდ გავლენას მოახდენს", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას ინაურმა.

კონფლიქტი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის 1988 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფმა მეტწილად სომხებით დასახლებულმა ყარაბაღის რეგიონმა მოითხოვა გამოჰყოფოდა ბაქოს და ერევნის დაქვემდებარებაში გადასულიყო.

პოლიტიკური კონფლიქტი მალევე გადაიზარდა სისხლისმღვრელ ეთნიკურ დაპირისპირებაში და 1991 წლის შუა ხანებში დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები.

საბრძოლო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა. სომხურმა მხარემ შესძლო აზერბაიჯანის დამარცხება. შედეგად, მათ დაიკავეს ყარაბაღი და მის ირგვლივ მდებარე რამოდენიმე რეგიონი, საიდანაც აზერბაიჯანული მოსახლეობა განდევნეს და შექმნეს ე.წ. "ბუფერული ზონა". საბრძოლო მოქმედებებმა ორივე მხარიდან 40 000-მდე მეომრისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის 12 მაისს დადებული ხელშეკრულების შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალები არ ჩამდგარან, რის გამოც ხშირია ინციდენტები და შეტაკებები მხარეთა შეხების წერტილებში. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, სამშვიდოო ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო ორივე მხარემ 2000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ვახო შამუგია

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა