ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის მოქმედი მოდელის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც პრემიერმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა , ამის აუცილებლობა ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა.

"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათალად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნითაც.

"ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისაგან. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ერევა. ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის შეფასებით, შეუდარებელი პროგრესია მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც.

"2014 წელს მედია თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 84-ე ადგილზეა, რითაც წინა წლის შედეგი 16 ადგილით გაუმჯობესდა და რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ვინაიდან სწორედ თავისუფალი მედია არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განმეორდეს ის განუკითხაობა, წამება და დაშინება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, და რისი მომსწრენიც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით. ჩვენ უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ციხეებში აღარავის აწამებენ და პატიმართა უფლებები დაცულია, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ვითარების გამოსასწორებლად. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, უკვე გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა