ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!

ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!

27 ივლისს ჩარგალმა სახალხო დღესასწაულს, "ვაჟაობას" უმასპინძლა. ვაჟა-ფშაველა, ჩვენგან აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს, ნაგვის გარდა, თუმცა დღესასწაულის შემდეგ სწორედ ნაგავი დავუტოვეთ იქ. როგორც ჩანს ერთმა ნაყინი შეჭამა და ქაღალდი დააგდო, მეორემ წვენი დალია და ბოთლი გადააგდო, მესამემ ბოლო ღერი სიგარეტი მოწია და ყუთი გადააგდო და ა.შ. ამას იმიტომ ვხსნი, რომ ის ნაგავი იქ ერთ ადამიანს არ დაუყრია, ყველამ დავყარეთ, მათ შორის იმათმაც, ვისაც არაფერი არ გადაგვიგდია, მაგრამ როდესაც ვხედავდით სხვა როგორ აგდებდა არ მივუთითეთ არასწორ საქციელზე.

ვიღაც იტყვის, რომ თუ ახლომახლო ნაგვის ურნა არა არის, აბა რა ქნას ადამიანმაო. დალოცვილო, წარამარა რომ ევროპას ვედრებით და თან იმას გავიძახით ევროპა "გავპიდარსტებსო" , ამ გარყვნილი ევროპისაგან კარგი რომ ვისწავლოთ, ტანზე დაგვფოთლავს?! ჰოდა, ამ საძაგელ ევროპაში, როდესაც ურნას ვერ ნახულობენ ცელოფანის პარკში ყრიან ნაგავს, მანამ ვიდრე ურნას არ ნახავენ. ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ დაშავდება რამე?!

ეჰ, ურნის ძიება კი არა, ურნასთან როცა ვდგავართ, მაშინაც გვეზარება ნაგვის ჩაყრა. დაახლოებით 2-3 მეტრიდან ვისვრით ნაგავს, თუ ჩავაგდეთ, ხომ კარგი, ხოლო თუ ძირს დავარდა, გამორიცხულია განმეორებით სროლაზე შევიწუხოთ თავი. საერთოდაც, ურნაში სროლა რომ ოლიმპიადაზე ერთ-ერთი სახეობა იყოს ოქროს მედალს ვერავინ შეგვეცილებოდა.

ერთადერთი ბუნება მოგვცა ღმერთმა, რომლითაც თავი შეგვიძლია მოვიწონოთ და იმასაც ისე ვანადგურებთ, რომ უკან არ ვიხედებით. მერე კი "მტრებს" ვიგონებთ, რომლებმაც გაგვინადგურეს ეს ლამაზი ადგილები, თორემ ჩვენ ამ ყველაფერში არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის.

მახსოვს ერთი პერიოდი თბილისის დასუფთავების სამსახური აჯარიმებდა მოქალქეს, რომლებიც ძირს, თუნდაც სიგარეტის ნამწვს დააგდებდა. კარგი იქნება, რომ ასეთი აკრძალვები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებდს, ჯარიმებიც შესაბამისი იყოს. მაგ: 1 თვის განმავლობაში იმ ტერიტორიის ყოველდღე დასუფთავება, რომელიც დააბინძურე. ოღონდ ჯარიმა მართლა უნდა აღსრულდეს და დარწმუნებული ვარ აღარვის გაუჩნდება სურვილი, რომ ლუდის ქილა ან ბავშვის გამოცვლილ პამპერსი ტყეში დააგდოს.

დაახლოებით ორი წელია არ ვყოფილვარ ბაზალეთის ტბაზე. ცოტა ხნის წინ უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა და გადავწყვიტე, იქ წამეყვანა. მთელი გზა ტვინი გავუბურღე, რომ ჩვენ ქართველები ასეთი მაგრები ვართ და ჩვენნაიარი არავინ დადის დედამიწაზე-მეთქი, მაგრამ ავედით თუ არა ტბაზე, სულ უკან წავიღე ჩემი სიტყვები. ტბის გარშემო მინი-ნაგავსაყრელია და თუ ბაზალეთის ტბაში მართლა დგას ოქროს აკვანი, და თუ იქ მართლაც წევს ყმა, ნაგვის სუნი უსათუდო დაახრჩობს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია. შემრცხვა და უკანმოუხედავად წამოევდი. კიდევ კარგი სინდის-ნამუსიანი უცხოელი იყო და არაფერი მითხრა, თორემ რა პასუხი უნდა გამეცა მართლა არ ვიცი.

ადამიანმა კულტურა ბაშვობიდანვე უნდა ისწავლოს. ცოტა ხნის წინ ავტობუსში ავედით, ჩემს წინ მჯდომ 2 წლის ბავშვს რაღაც ქაღალდი ეჭირა, რომელიც აშკარად გადასაგდები იყო. ბებია ეუბნებოდა მომეცი შვილო გადავაგდებო, მაგრამ ბავშვმა უთხრა: დედიკომ მასწავლა, რომ ნაგავის ურნაში უნდა ჩავაგდოო. მერე მე ჩამოევდი და არ ვიცი ბებიამ გაიტანა თავის თუ ბავშვმა, მაგრამ ამ სიტყვებმა პატარა იმედის ნაპერწკალი ნამდვილად გამიღვივა.

მალე "დიდგორობა" მოდის, რომელიც აგერ უკვე წლებია როგორც წესი "დიდღორობით" სრულდება ხოლმე, მაგრამ იქნებ წელს მაინც გამოჩნდეს ვინმე მადლიანი, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და თავს არ მოგვჭრის წინაპრებთან.

ჰო, მართლა წინაპრებზე გამახსენდა, მერე რა რომ ვაჟას სახლ-მუზეუმის წინ ნაგავი დაყარეს, მთავარია, რომ ვაჟას სადღეგრძელო განსხვავებულით დაილია.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია