რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა

რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა

"ქვეყნის ძირგამომთხრელის" შემდეგ "ტენდენციური" – პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორს ახალი ეპითეტით ამკობს. პირველის ფონზე მეორე კომპლიმენტივით ჟღერს, თუმცა რადგან კომპლიმენტი არ არის, ქვეყნის ყველაზე ნეიტრალური რგოლიც შეურაცხყოფილია. უხერხულობას არ განიცდის თავად მთავრობის თავმჯდომარე – მიაჩნია, რომ როცა შეცდომებს უშვებენ, უნდა მიუთითონ...

ირაკლი ტარიელოვიჩმა არასამთავრობოების კრიტიკის მორიგი სერია სტუდენტებთან შეხვედრაზე წამოიწყო. პრემიერმა იმის უკეთ დასაბუთებისთვის, რომ ქვეყნის ნეიტრალური რგოლი ტენდენციურად მუშაობს, კონკრეტული "მოწმე" მოიყვანა – მთავრობის თავმჯდომარის მტკიცებით, ქართულ არასამთავრობო სექტორზე ევროკავშირის ინკოგნიტო პოლიტიკოსსაც იგივე აზრი აქვს.

"ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი (უხერხულია დავასახელო მისი ვინაობა), რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალას, როგორადაც აღქმულია "ნაციონალური მოძრაობა", ემხრობიან იმიტომ, რომ ის დღითიდღე სუსტდება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრემიერის მიერ საიდუმლოდ დატოვებული "მოწმე" მარტივად "ამოიცნეს" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსი, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი აპელირებს, შტეფან ფულეა – სწორედ ის ევროკომისარი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დახასიათებისთვის არაერთი დადებითი ეპითეტი გამოიყენა.

"ამ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა. საუბარი შედგა იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიცია არის სუსტი და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები იყვნენ აქტიური, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გაიზარდოს. თავად ბატონი ფულე საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ აქტივობასა და არასამთავრობოების საქმიანობას შორის იყო გავლებული ზღვარი. ერთადერთი ეს კონტექსტი იყო. პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა და მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ თუკი რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ამაზე ისინი ხმამაღლა და საჯაროდ ნამდვილად არ საუბრობენ. ამიტომ ეს ბრალდებები არის არალოგიკური და აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს უკვე მისთვის ტრადიცია გახდა. სხვათა შორის, ამაზე მას საყვედურობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ უნდა დასრულდეს, რადგან არ არის დამახასისთებელი დემოკრატიული ლიდერისთვის", - განუცხადა "ამბები.გე"-ს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

პრემიერის "შიკრიკი" შტეფან ფულეა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის აზრითაც. ევროკომისარსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ აუდიენციის დროს "ნაციონალურ მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა და შესაბამისად, ამ პარტიისადმი დადებითი განწყობაც არავის დაუფიქსირებია. კახა კოჟორიძე შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან გაჟღერებული მესიჯების დამახინჯებაზე საუბრობს – ვინ მოახდინა მათი განცხადებების არასწორი უტრირება? – საია-ს თავმჯდომარე გარკვევას აპირებს.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება საპარლამენტო თუ ადგილობრივ დონეზე უმრავლესობაშია და იმ ვითარებაში, როცა საპარლამენტო ოპოზიციას წარსულის გამო ოპონირება გაუჭირდება, რადგან როცა ის რომელიმე მიმართულებით პრობლემებზე საუბრობს, ყოველთვის გასულ 9 წელს ახსენებენ და ეს 9 წელია მთავარი არგუმენტი ამ პაექრობაში, არასამთავრობო სექტორს ეკისრება ძალიან დიდი როლი, რომ თავად იყოს არსებული ვითარების ობიექტური შემფასებელი, რომ ისაუბროს იმ საკითხებზე, რაც მწვავედ დგას და იმაზეც, რაც კარგია. თუ ვინმემ არასწორად გაიგო ან სწორად მიტანილი მესიჯი მერე არასწორად იქნა გაჟღერებული, ეს ამ ადამიანების საქმეა. მარტივად რომ დავფიქრდეთ, ევროკავშირი არის საია-ს ერთ-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ეტყოდა ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ თვითონ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი? - ასეთი რამ გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც კი, მართლა რომ რომელიმე პარტიას ემხრობოდეს. ეს პირდაპირ აისახება დაფინანსებაზე, ორგანიზაციის იმიჯზე და ა.შ. პირიქით, ამ შეხვედრის შემდეგ ბატონმა ფულემ თუკი რომელიმე სექტორი მოიხსენია კარგი ეპითეტით, ეს იყო სწორედ არასამთავრობო სექტორი. ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ, შეხვედრაზე გაკეთებული ჩვენი განცხადებები არასწორად მივიდა პრემიერთან, თუ სწორად მისული მესიჯების არასწორად ინტერპრეტაცია მოახდინა", - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ "ამბები.გე"-სთან საუბარში.

შეკითხვაზე, რომელიც საია-ს თავმჯდომარეს აინტერსებს, პასუხი უკვე იცის არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შტეფან ფულეს მიერ "მიტანილი ამბავი" სათავისოდ შეალამაზა და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ნინო ლომჯარია იმუქრება, რომ მომხდარის შესახებ ევროკომისარს საგანგებო წერილს გაუგზავნის.

"ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრემიერს, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გზით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და უქმნის ძალიან ნეგატიურ და არასწორ წარმოდგენებს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად დავეკონტაქტებით ბატონ ფულეს, მივწერთ ამ ფაქტის შესახებ, რადგან ვფიქრობ, რომ ისიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პრემიერმა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ევროკომისრის სიტყვები და ის ასე არ გადასცემდა იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენს შორის შედგა - უბრალოდ ასეთ რამეს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი", - განუცხადა ნინო ლომჯარიამ "ამბები. გე"-ს.

შეხვედრა, რომელზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, ევროკომისარსა და ათამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის 18 ივლისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ფულემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევს. რა უთხრა დახურულ კარს მიღმა პრემიერს, ეს მხოლოდ პრემიერმა იცის, ფაქტი კი ისაა, რომ შტეფან ფულეს მიზეზით თუ უბრალოდ მისი სახელის გამოყენებით, ღარიბაშვილი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს უკვე მეორედ გადაეკიდნენ...

ნინია სიხარულიძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა